April 15, 2015

სად იწყება ტრაგედია?

     ადამიანების უმრავლესობისთვის ტრაგედია სიკვდილია. სამწუხაროდ, თუ ნუ მოკლედ, მეც ამ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები. არადა არ არის სწორი. და მე ეს მითუმეტეს უნდა ვიცოდე. და ვიცი.
  ბევრის სიცოცხლე გაცილებით დიდი ტრაგედიაა. ასეთი სიცოცხლის დროს ადამიანებს თითქოს მაშველ რგოლად სიკვდილი მოევლინება ხოლმე.
     ტრაგედია საიდან იწყება? - ბავშვობიდან? თუ დაბადებიდან?
თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივადაა. ბაღში დადის, სკოლაშიც. განსაკუთრებულად ცუდი ყოფა-ქცევით არ გამოირჩევა, არ სწავლობს მაგრამ ეს პრობლემა არაა, ნუ ბიჭი რომ ხარ ეს ყველაზე ძლიერი არგუმენტია. საერთოდაც, სკოლაში იშვიათად დადის, როცა დადის სადმე უკან ზის და მუდმივად მერხს ფხაჭნის. იქ არც არავინ ახსოვს, არც არავის ახსოვს. კლასელებთან კარგი ურთიერთობა აქვს, არავის არაფერს უშავებს და ვის არ ეყვარება?!  თავისი კლასელი უყვარს, მაგრამ ის გოგო კარგად სწავლობს და საერთოდ, იცის რომ იმას არ შეეფერება. სიცილის მეტს ალბათ ეს სიყვარული ვერაფერს გამოიწვევს და ამიტომაც არასოდეს გაამხელს. კეთილგანწყობით სარგებლობს. ბოროტი არაა. ძირითადად ჩუმადაა. ჩუმად მიდის და მოდის.
      მაინც სად იწყება ტრაგედია, გარეთ თუ შიგნით?
 მეგობარი ბევრი ჰყავს. "რაზბორკებზე"  ყველას დაჰყვება და თან კარგად ჩხუბობს. ვის არ ენდომება ესეთი ძმაკაცი. "სასტავში" იცი რომელია? 4-5 ბიჭს რომ ყოველთვის გვერდით უდგას შეუმჩნევლად. უბანში ბევრი ბიჭია. თითქმის ყველა მისი ტოლია. ყველასთან კარგადაა, მაგრამ ხანდახან ჩხუბი მაინც მოსდის. იმიტომ რომ ფეთქებადია, ემოციებს ვერ აკონტროლებს - ასეთი დაიბადა. და მე ხომ ვთქვი, რომ ეს დაბადებიდან დაიწყო?! ქუჩაში ფეხბურთის თამაში უყვარს, მაგრამ ბურთი არ აქვს. ჩიტების დახოცვა უყვარს, მაგრამ თოფიც არ აქვს. სამაგიეროდ შურდულის გაკეთებაში ნამდვილი ოსტატია. ხანდახან კარტსაც თამაშობს.
      და მე გკითხე, გარეთ თუ შიგნით?
დედ-მამა ნორმალური ხალხია. მამა წყნარი და დინჯი. დედაც მშვიდი და ნელი. და-ძმაც ჰყავს. და უფრო კარგად სწავლობს. და უფრო კარგადაც გამოიყურება. დაძველებული და ხმარებისგან გაცვეთილი ჩანთა აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებს პეწს. ჯემპრიც აქა-იქ უშნოდაა გაკერილი მაგრამ მთავარია თბილია. ფეხსაცმელებმა ყველაზე მეტად უღალატეს და გაკვეთილზე ფეხები ეყინება.
  ჰო, იმას ვამბობდი რომ კარტს ხშირად თამაშობს. ელოდება ხოლმე რომ სხვების მერე ახლა მას დაუძახებენ, შემოდი ჭამეო, მაგრამ... საღამოს თუ გაახსენდება ვინმეს, მაგრამ მარტო დასაძინებლად. ბევრნი არიან და ყველა ვერ ივახშმებს. ჰოდა იძინებს ცარიელი მუცლით და ბოღმისგან სავსე გულით.
   იქნებ ტრაგედია ასაკშია?
იზრდება. შურდულს არყის ბოთლი ცვლის. სადმე ბირჟაზე დგას ღიპიან და ცხვირგაწითლებულ კაცებთან ერთად, შუა ზამთარში და ელის თავის რიგს. თბება. მერე იქ ვინმე რამე ისეთს იტყვის რაც არ უნდა ეთქვა ჰოდა ესეც დასცხებს, როგორც ყოველთვის. ერთადერთ 'საროჩკასაც' შემოაფხრეწენ და ცხვირსაც ჩაუმტვრევენ. მერე წამობარბაცდება, სისხლიანი, გაველურებული, სახლისკენ, საიდანაც  ღუმელის კვამლი ალბათ წლებია არ ამოსულა.
 ესე გადის ზამთარი. ბევრი ზამთარი. ჩხუბებით და არყებით. მერე სადღაც მიდის მამა. და აღარ ბრუნდება და აღარასოდეს დაბრუნდება.
      შეიძლება ტრაგედია სიყვარულშია, არა?
 საიდანღაც მოიყვანს ქალს. სიყვარულით არა.  ეს იყო წინადადება "ცოლის მოყვანის დროა!" ჰოდა ადგა და მოიყვანა. იცი, შეიძლება ხანდახან  მკვლელი ის იყოს, ვინც ცხოვრებას იმას უკავშირებს ვინც არ უყვარს. ალბათ ეს ყველაზე დაუნდობელი საქციელია - ჩაკლა ემოცია, გრძნობა ადამიანში. ჩაკლა პიროვნება არსებაში.
    ზის ის გოგო და უცდის.  საღამომდე. ღამემდე. შუაღამემდე.დილამდე.
ის არის საწყალი და არ ვიცი ის სიტყვა რომელიც ეხლა მჭირდება. რა ჰქვია ადამიანს, რომელიც გამოგონილ ბედნიერებაში ცხოვრობს?გამოგონილ ოჯახს უვლის? გამოგონილ სიყვარულზე კარგავს ჭკუას? გამოგონილ სამზარეულოში ტრიალებს? გამოგონილ მეგობრებს გულს უხსნის? გამოგონილით ამაყობს? გამოგონილს ინახავს?
 მგონი ეს  ქალი არის  ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უყვარს. ერთადერთია ვინც წლების წინ ჩამქრალი ღუმელი აანთო, წლების მტვერი გადაწმინდა, წლების სიცარიელე აავსო.
 - იქნებ ტრაგედიის ფინალი აქაა?
- არა.
აჰა, ამ გოგოსაც ჩაგრავს გამოგონილი სიყვარულის სისასტიკე, ამახინჯებს. მერე კვდება.
კვდება და თავისუფლდება.
......
         მარტოობაშიც არ დაწყებულა?
 მოყვანილი მიდის და ის რჩება სიცარიელეში, სიცივეში და შიმშილში. ხანდახან ახსენდება ერთ დროს ლამაზი გოგო, რომელიც სიბნელეში გახვია და იქვე ჩატოვა. თუმცა სასმელი მალე ყველა მოგონებას შლის. და ჩნდება შვილი, გაზრდილი. ამაყი. ჰოდა გავხვიოთ ისიც სიბნელეში, სიგარეტის კვამლში, იაფფასიანი სასმელის სუნში.
  ერთ დროს ძლიერი და კარგი მოჩხუბარი თავისი ცხოვრებითვე ბეჩავდება. მხრებში იხრება. თითქოს გამჭვირვალეა. არავინ იცის სად დადის, რას აკეთებს. სიფხიზლეში უმწეო ბავშვს ჰგავს, თითქოს ყველას ემალება, ყველას გაურბის. ფხიზელი თითქმის არასოდესაა. ხმაურია. მარტოა.
 რაღაცეები ხდება.
 რაღაცეების ფონზე უმნიშვნელოდ ...... სიჩუმე.

მთავრდება. თავისუფლდება ცხოვრებისგან, რომელიც ყველაზე მძიმედ სატარებელი ტვირთი აღმოჩნდა მისთვის.

*
ჭექა-ქუხილის  მეშინია. თან მიყვარს მაგრამ გული მაინც მიკანკალებს ხოლმე. ყველაზე კარგი მაშინაა წვიმა რომ იწყება ხმაურის შემდეგ.
ჰოდა ესე იყო ახლაც. წვიმდა. დამთავრდა ხმაური.

-  ბოლოს და ბოლოს, მიპასუხე, საიდან იწყება ტრაგედია?
-  ტრაგედია დაბადებიდან იწყება.
-სიკვდილი? სიკვდილი ტრაგედია არაა?
- სიკვდილით მთავრდება ყველა ტრაგედია.