September 21, 2016

წარუმატებლობა ან პირიქით

     გუშინ დედაჩემს კულინარიული გვერდი დარჩა ჩართული და და ბარემ დავსქროლე. გადავაწყდი ერთ უმარტივეს რეცეპტს, ულამაზესი სურათით და ვიფიქრე, ეხლა ამას მე როგორ ვერ გავაკეთებთქო - ცხოვრებაში პირველად, უკვე წარმოვიდგინე როგორი გამოვიდოდა, ასევე პირველად ამოვიწერე რვეულში რაღაც მასალები, მომზადების წესები და ა.შ. მერე ვთქვიფე-ვურიე-... გადამწყვეტ მომენტში აღმოჩნდა, რომ ბლინები თეფშამდე არ მომყვებოდნენ. ტაფას საშინლად ეკვროდა, იწვოდა და მთელი ძალა-ჯანი-ღონე უნდოდა იმის გადმოღებას. ნუ გადმოღებულს კიდე ფლავის გარეგნობა უფრო ჰქონდა ვიდრე საერთოდ რამე ცომეულის.
ესე მარტივად ჰო არ დავნებდებოდი. ვაცხობდი, ვაძრობდი და პირდაპირ ურნაში ვყრიდი 'აი ეხლა უკეთესი იქნება' იმედით. ცოტა ეჭვი რომ შემეპარა, დავიწყე რეცეპტის გადამეორება, მერე ტუტორიალსაც ვუყურე, ზეპირად ვისწავლე, მაგრამ არ ქნა და გულაჩუყებული ვაგრძელებდი  ცხობას და გადაყრას.
      მამაჩემმა გადაწყვიტა,რომ უფრო მეტი არაჟანი თუ მაწონი იყო საჭირო. წავიდა და იყიდა ბევრი ცალი :დ ვთქვიფე-ვურიე-... არაფერი.
მერე მოიფიქრა, რომ (მე აღარ ვმონაწილეობდი დიალოგში:დ) ტაფის ბრალი იყო (მანამდე ერთხელ უკვე შეცვლილი მქონდა, მეც ეგ მეგონა მიზეზი და იმიტო). ყველაფერი შეცვალა და თვითონ დაიწყო ცხობა. მე ფანჯარაზე ვიჯექი და ჩემ თავზე მაგრად მეცინებოდა, ბლინების გამო ესე რომ ვდარდობდი. არც იმას გამოუვიდა და საბოლოოდ შევთანხმდით, მეტი ზეთი იყო საჭირო. ვასხამდით მასალას და რაღაცა ფორმები ამოგვქონდა უკან დიდი ოვაციით. ნუ, მამაჩემის ოვაციებს ვერ მოგატყუებთ, მარტო იმას ამბობდა, ხო გეუბნებოდი გამოვაო :დ პარალელურად ჭამდა, ძაან გემრიელია, არ გადაყაროო. ბავშვობაში, მწნილებისგან სუპებს რომ ვაკეთებდი,მაშინაც მაგას ამბობდა ხოლმე :))
     მასალა იყო 900 ბლინის, ამიტომ მივატოვეთ შუა გზაზე, ოღონდ პოზიტიურად :დ ჰოდა, დაე სხვებმა აცხონ, მე ისედაც მამაჩემი მყავს <3ყველაფერი ერთად არალი :დ
  * წარუმატებლობის მიზეზი ისევ იდუმალებითაა მოცული, ყველაფერი ზუსტი იყო. იმედგაცრუება რომ გადამივლის, სხვა რამის რეცეპტს მოვძებნი ^_^ #კაცებიზრუნავენ

April 20, 2016

ჩემი ოქროსთმიანი პრინცი - ლუი

      მაშინ აღდგომა იყო და მე არ მინდოდა ძმა. მე თავიდან არც ერთი ახალი ადამიანი არ მინდა ხოლმე, მგონია რომ სიმშვიდე და შეჩვეული ყოველდღიურობა, გეგმები და განწყობები დამერღვევა. არ ნდომაზე მეტად ეს რაღაცნაირი შიშია - ისეთივე, უცხო ადგილას რომ მიდიხარ და არ იცი რა დაგხვდება. ამიტომაც არ მინდოდა თეკლა და მერე  ლუკა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ანდრეა, მაგრამ ბავშვობაში სახლობანას თამაშის დროს ჩემ შვილს სულ ლუკას ვარქმევდი  და დედამ და მამამაც ლუკა დაარქვეს.
      მაშინ აღდგომა იყო და გაჩნდა ლუკა, რომელიც ჩემთვის არეულ უჯრებთან, დაჯღაბნილ შპალიერთან, უწესრიგობასთან და გაბმულ ტირილთან ასოცირდებოდა - ასე წარმომედგინა ახალი ბავშვი, რომელიც ამ ყველაფერთან ერთად უკვე მესამე შვილი იყო და კიდევ ერთი მეტოქე ერთადერთობაში. ეტყობა მაშინ ჯერ ვერ ვხვდებოდი, რომ მე მაინც ყოველთვის პირველი ვიქნებოდი :დ
მერე თითქოს მომეწონა რომ მე და ლუკას ინტერესები ნაკლებად  გადაიკვეთებოდა და უფროსზე უფროსი და ვიქნებოდი.
არადა ბავშვობაში, კარტს რომ ვთამაშობდით ქუჩაში, როცა ერთმანეთს ეკითხებოდნენ
შენი და სადააო, ან რამდენი წლის ძმა გყავსო, ესეო, ისეო და მე არავინ არაფერს მეკითხებოდა ამ თემაზე, ცოტა მიტყდებოდა მგონი. სამაგიეროდ, მათგან განსხვავებით მე არავინ მიშლიდა ნერვებს, არაფერში მეცილებოდა ვინმე და მოკლედ,ამასაც თავისი პლიუსები ჰქონდა:დ
მაშინ კიდევ რაზე ვფიქრობდი, რა და ვინ მინდოდა არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს როგორი დიდური იყო ჩემი მარტოხელა ბავშვობა: სახლში დედაჩემი და ბებიაჩემი მეთამაშებოდნენ მეზობლობანას, პაპა  ექვსიანობას და ჭადრაკს, მამაჩემი ქოხებს მიშენებდა და იაპონურ ჯოკერს მაგებინებდა მუდმივად და მე ვიჯექი მთელი დღე აივანზე, სადაც მასწავლებელიც მე ვიყავი, მოსწავლეც, დირექტორიც და მშობელიც.  ერთ-ერთი დიდი სიკეთე ამ ყველაფრის ისაა, რომ ჩემ თავთან ძალიან ჯანსაღი კომუნიკაცია მაქვს - რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს ალტერთან მეგობრობა ძალიან საინტერესოა :)
      და-ძმების დადებითი  მხარე  კიდევ  სხვებთან ერთად ისაა, რომ მე ცოტა ნაკლებად ეგოისტი ვარ იმასთან შედარებით, როგორიც შეიძლებოდა ვყოფილიყავი.
     აღდგომა იყო და მე 17 წლით დიდი და გავხდი, არადა  ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ძმაზე.  ყოველთვის მაინტერესებდა რა შეგრძნებაა, უფროს ძმას ჩაშვებით რომ აშანტაჟებ.  არ ვიცი როგორი იქნებოდა რომ ეარსება, მაგრამ პრინციპში ეგ ბევრ უსიამოვნებას და ნერვების მოშლას მომიტანდა, ამიტომ ალბათ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს:დ
       დღეს აღდგომა არ არის მაგრამ ჩემი ლუი 2 წლის ხდება. ლუკა ყველაზე დიდი სიტკბოა დედამიწაზეც, მთვარეზეც - მართლა. მგონია ხოლმე, რომ კულულებიდან ოქრო სცვივა და ღიმილიდან შაქრის კუბიკები. ანანოსაც ყველაზე განსხვავებული ხმით იძახის.
        აი ყველაზე სიყვარული რომ იხატებოდეს ლუკას დავხატავდი.  ...

 არ მომწონს ბავშვებზე იმედებს რომ ამყარებენ, რაღაცეებს ჰკიდებენ და თავისი მიზნებით, ოცნებებით და სურვილებით ამძიმებენ, ამიტომ არ ვიცი როგორი იქნება ლუკა. კი დავწერდი, ყველაზე სიმპატიური, ჭკვიანი და ზრდილობიანი თქო, მაგრამ იქნებ სულაც არ უნდა ... რა პროფესიის იქნება, როგორ იცხოვრებს, რას მოუსმენს,
როგორი ხალხი მოეწონება, რას წაიკითხავს, ჩუმი იქნება და ჯიუტი თუ ხმამაღალი და გულღია, კონვერსი თუ ვანსი, მოდერნი თუ კლასიკა - ძალიან კი მაინტერესებს ისე :დ
  ჩვენ ურთიერთობაში ყველაზე საინტერესო ანგარიშია: მე რომ ვიქნები25ის -ის იქნება 8ის,  მე რომ 45ის - ის 28ის, ის რომ 50ის მე 67ის:)))
ჯერ-ჯერობით მაინც და მაინც გული არ სტკივა რომ ხშირად ვერ მხედავს, მაგრამ რაც უფრო იზრდება მეტად ვენატრები შაბათ-კვირამდე. რაღაცეებს მაბარებს ხოლმე, ყველა ჩემ ყუთში და ჩანთაში ძვრება, ნაუშნიკებს ისტერიკულად აფუჭებს, ჩემ  კედებს იცვამს, ტელეფონს ჭამს, ფურცლებს მიჯღაბნის, პიანინოზე აბრახუნებს და ბუიაბუიაზე გიჟდება. ერთად ვხატავთ ხოლმე ცარცებით და ჯერ კიდევ თვეებიდან ვცეკვავთ, სოუ, ცეკვა ძალიან მოსწონს. იმედია ემახსოვრება  ძალიან პატარას ჩუმად რომ ვაჭმევდი შოკოლადებს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ღირსეულად მიპასუხებს:დ
    ჩემ 19 წლიან ცხოვრებაში მომხდარ განსაკუთრებულ მოვლენებს შორის ერთ-ერთი ლუკაა.
 დღესასწაულები ყოველთვის ასეთი იღბლიანი არ არის.













April 3, 2016

ზღვიური

        ცოტა სურათი მომწონს ისე, როგორც  ეს. შვილივით  გეხუტები, ან ისე, როგორც პატარა და უფროსს - ისედაც ჰომ ყველა მასე ფიქრობდა.
 აქ ზღვის, ცრემლებგადაყლაპული პიცის და ტალღებში გაგებული საიდუმლოების სუნი გაქვს.
   სველი თმის წვეთებს ვგრძნობ ძვლებზე, ელექტრონულ მუსიკას თავში და ფერად კენჭებს საწოლთან.  რატომღაც არასოდეს წავულეკივარ მანამდე ზღვას და ბევრი რაღაც არ დამმართია. არასოდეს მიფიქრია თუ რომელიმე მელოდრამის მთავარ გმირად გამოვდგებოდი: ისტერიები ხიდზე რაღაც საინტერესო იყო, მაგრამ ემოციური. მოკლედ, მე და შენ ერთად აშკარად ძალიან შორთ ვართ პრაქტიკულობისგან  და ეგ ბევრი აბსტრაქტული იდეის განხორციელებას იწვევს:დ

    მინდა რომ უჩემოდ თუ ჩემთან ერთად, დიდი ხნის ტრადიციასავით, შტორმის დროს ტალღებით შეამოწმო გრძნობების სიძლიერე და ყველაზე ცუდ ამინდშიც ნიჟარებისთვის იბოდიალო. მინდა რომ უჩემოდ თუ ჩემთან ერთად არასოდეს შეგეშინდეს ატრაქციონების, არც ღამეში ზღვის პირას ჯდომის, არც უცხო ხალხის გარემოცვაში სიარულის.. მინდა რომ უჩემოდ თუ ჩემთან ერთად ისევ იწვე გასარუჯად და საჰაერო ბურთით გაფრენაზე ლაპარაკობდე. მინდა რომ უჩემოდ თუ ჩემთან ერთად არ შეგეშინდეს წესების დარღვევის და  ხულიგნობების. საერთოდ, რომ იცოდე, მინდა რომ ჩემთან ერთად.

მაშინდელი დღეები რაღაცნაირი ჩუმია მაგრამ ხმაურიანი: ზოგან დილების, უჩემოდ რომ  სეირნობდი, ზოგან შენი ტელეფონისებური საღამოების, ზოგან საბნებში გახვეული დიალოგების ხმებია.
ყველა ხმაურის და სიჩუმის დროს ის მუსიკოსები  უკრავენ, ქუჩის. იქით უთვალავი ისტორიაა, რომელიც ჩემთან და შენთან ერთად მარტო ჩვენთვისაა - სხვანაირად წვიმის დროს ჩვენც გავიქცეოდით.

        ვერ ვიგებ  შენ ხარ 3 წლით დიდი თუ მე 5 წლით პატარა,  სისულელეები რატომ არ მოგდის თავში აზრად, ან ყოველთვის რატომ შეგიძლია სახე დაიმშვიდო სერიოზულობით, ან რატომ ხარ ყოველთვის ესე სანდო და რატომ არ შეიძლება თინეიჯერულად თავქარიანი იყო ან ბევრი რაღაც უბრალოდ დაიკიდო.  :ღმერთმანი:   ალბათ ამიტომაც ვახერხებთ, რომ შენ უფრო ხშირად ხარ ნაწყენი ვიდრე მე. და მე უფრო იშვიათად ვიცი რატომ ხარ  ვიდრე შენ. მთელი ჩვენი ამბავი, სიცოცხლის ამბავი, იმ დღეებს ჰგავს: შენ ველოსიპედი არ გინდა, მე სახლში დარჩენა, რიგ-რიგობით ვექაჩებით ერთმანეთს და ვერ გადაბირებაზე ვიმრიზებით - .
        მაგრამ ვიგებ რომ შენ ხარ ! და ისე მიყვარხარ როგორც შენ უნდა მიყვარდე, ზუსტად.! საერთოდ, მეტობა-ნაკლებობის ნიშნების ჩაწერა ძვირფას ადამიანებს შორის ისეთი სიტყვების მსგავსი სიტყვაა, შენ რომ არ გიყვარს. ;) ეხლა ჰომ მაინც ხვდები, ყოველდღიურობა რამდენ რამეს განსაზღვრავს ურთიერთობებში (ინტენსივობაში და არა ხარისხში)
ერთადერთი რასაც ამ ურთიერთობისთვის ვისურვებდი ისაა, რომ  შენ არასოდეს შეგეპაროს ეჭვი რაზე შეიძლება გავიცინო და რაზე არა.
 ზღვის,ცრემლებგადაყლაპული პიცის და ტალღებში გაგებული საიდუმლოების სუნი გაქვს.


January 20, 2016

ანტიკური საბერძნეთიდან 2016 წლის ბადიაურამდე, ანუ სათაური ვერ მოვიფიქრე...

   ახლა, წესით, პლატონის პოეტიკურ თვალსაზრისს უნდა ვკითხულობდე, მაგრამ ფიქრ-ოცნება აკვიატებული ხალხი მარტივად ვერ მართავს გონებას. უფრო სწორედ, ჩვეულებრივზე კარგად მართავს, მაგრამ სხვა მიმართულებით. ბოლო დღეებია აუტანლად ვაწვალებ ტვინის უჯრედებს, მაგრამ ალბათ კიდევ ოცნებად, ან ყველაზე კარგ შემთხვევაში გეგმად დარჩენა უწერია ამ ამბავს.
დიდი ხანია ვფიქრობ სივრცეზე. მყუდრო, შინაურულ და საინტერესო სივრცეზე, რომელიც ბადიაურში არ არსებობს.
   მე, ბაია და სოფო ერთმანეთთან დავდივართ ხოლმე სახლებში. ერთმანეთის შპალიერებს ვათვალიერებეთ სხვადასხვა ყავის სუნის და ფერად-ფერადი, ან შავ-თეთრი სალაპარაკოების პარალელურად. ხანდახან, როცა გვინდა რომ სახურავებს გავცდეთ, გარეთ გავდივართ. გარეთ გასვლა პირდაპირზე პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოთ - გასვლა "სუფთა ჰაერზე" ან რამე მასეთი :დ შეგვიძლია სადმე შევხვდეთ: საბჭოსთან, ეკლესიასთან, იმის სახლთან, ამის სახლთან და ა.შ. ჩამოთვლილი ლოკაციის წერტილები, სამწუხაროდ, არც თუ ისე კომფორტულია - სკამები არ დგას. ფეხზე დასადგომი ადგილიც ხანდახან დაკავებულია, მარტო ჩვენ ჰო არ ვნახულობთ ერთმანეთს:დ მოკლედ  დავდივართ. აქეთ-იქით. ვინ იცის ბოლო  3-4 წელში რამდენჯერ გადავსულვართ უმიზნოდ და უმიზეზოდ მაღაზიებში, ერთში, მეორეში, მესამეში, ტრასის ზემოთ, ტრასის ქვემოთ, ჩემკენ, მისკენ და ა.შ.  რამდენჯერ ამოგვიჩემებია სრული სისულელე და ვითომ იმის საყიდლად შემოგვივლია სოფელი. მაგას იმიტო ვშვებით, რომ როგორმე გავიხანგრძლივოთ სალაპარაკო საათები. ჰომ აქვთ ადამიანებს უფლება, ერთმანეთი ნახონ, მაგრამ არა სახლში. სეირნობა კარგი იდეაა, მაგრამ ყოველთვის არ გვინდა. მაშინ ჩემთან წამოდით. და ისევ იგივე - დაწყევლილ წრეზე ვტრიალებთ :დ ვიცი, პრობლემის დანახვა თუ არ გინდათ, იტყვით, რომ იდიოტური მიზეზია და თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევა - ანუ თუ ვინმეს ნახვა გინდა ყველგან ნახავ, მაგრამ რატომ?
    მოკლედ, ჩვენი მარშუტის ამბავი საინტერესო არ არის. დაიკიდეთ,მაგრამ  თუ ბადიაურში ცხოვრობთ, ან საერთოდაც, რომელიმე სოფელში, არ გიფიქრიათ, სად ნახავდით მეგობრებს, მათი მიყვანა სახლში რომ არ შეგეძლოთ და ვერც იმათთან მიდიოდეთ, თან გარეთ კოკისპირულად წვიმდეს? არ ნახავთ და მორჩა? - ჰო, ყველაზე მარტივი გადაწყვეტა მასეთია, მაგრამ აბა ცოტა გაირთულეთ საფიქრალი: თუ ქალაქებში შეიძლება ადამიანებმა აირჩიონ კაფეები, ბარები, პაბები, დარბაზები, ოთახები ინტერიერის, მენიუს, მომსახურეობის მიხედვით, რატომ არ იმსახურებს სოფელში მცხოვრები, ერთ ადგილას მაინც ჰქონდეს წასასვლელი? და არ იყოს ეს წასასვლელი - " სტუმრად".
  წარმოგიდგენიათ, რა მაგარი იქნება ბადიაურში რომ იყოს ახალგაზრდული სივრცე. ან რატომ მარტო ახალგაზრდული?! უბრალოდ, სივრცე, თავისუფალი. სასიამოვნო, ძალიან უბრალო, მარტივი და ჰენდმეიდი დიზაინით. იყოს პუfები და ბევრი ხის სკამი. იქნებ ერთი სარწეველა სკამიც არ გახდეს დიდი პრობლემა. რამდენიმე მაგიდაც. იყოს მუსიკა და ინტერნეტი. კედლებზე იქნებ თაროები ყოფილიყო. ყველა მივიტანდით წიგნებს, თუნდაც სათითაოს. მე ჩამოვკიდებდი კედელზე ლინდგრენის პორტრეტს, და საერთოდ, ყველა შემოახედებდა  თავის წილ სიყვარულს. გვექნებოდა ოთახის ყვავილები.  ასეთი სივრცისთვის გავიმეტებდი ჩემი ლიმნის ხის რომელიმე უმცროს შვილს. წარმოგიდგენიათ, რა კარგი იქნებოდა  ერთი ასეთი თავშესაფარი ახალგაზრდებისთვის? რამდენი დაქალი ჩამოჯდებოდა ჩვენ სკამებზე, რამდენი შეყვარებული  ილაპარაკებდა მშვიდ გარემოში წყნარად? რამდენი ადამიანი მოვიდოდა უბრალოდ მარტო ყოფნისთვის, თავის თავთან. როგორი გემრიელი საღამოები იქნებოდა, პლედებში გახვეულები ფილმებს რომ ვუყურებდით, ან როგორი სასიამოვნო იქნებოდა აქვე, სოფელშივე რომ წახვიდოდით თქვენი მეგობრის ნახატების გამოფენაზე...  ჰო, ჩაიდანიც გვექნებოდა და კოპლებიანი ფინჯნებიც ჩაისთვის..
 ეს ყველაფერი არც ზღაპრიდანაა და არც წარმოუდგენელია. ადამიანებს ყველაზე ნაკლებად აქვთ ერთმანეთის იმედი და იმიტომ აწებებენ  რაღაცებს შეუძლებელის სტატუსს. სინამდვილეში, ყველაფერს სურვილი ქმნის და რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტ ადამიანს ვიცნობ, მით უფრო ვრწმუნდები ამაში. შესაბამისად, მგონია, რომ  ნებისმიერი პროექტის განხორციელების სირთულე, საზოგადოებაა. ანუ, ისინი ან მართლა, გულწრფელად ვერ ხვდებიან საჭირეობას, ან გადამეტებული სკეპტიციზმით უყურებენ მოხალისეობრივ წამოწყებას ("მოსცლიათ" ) ან უბრალოდ ეზარებათ დამატებითი საფიქრალის გაჩენა - ყველას ჰომ ისედაც უკვე აქვს თავისი :)  ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი, ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ სოფელში არის ის, რომ იშვიათად ეკითხებიან საკუთარ თავს, როგორი ცხოვრება უნდათ.  რატომ უნდათ თბილისში წასვლა, სოფლიდან წასვლა..  "უკეთესი პირობები"  იქნებ ცოტათი ჩვენზეც არის დამოკიდებული?  ბუნებრივია, ასეთი პროექტების განხორციელებას ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი არ ეყოფა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ხმამაღლა ვილაპარაკოთ ჩვენს ოცნებებზე, იდეებზე. სოფელი არ არის ადგილი, სადაც რაღაც ეტაპამდე უნდა "გაძლო", როგორმე, დროებით და მერე გაექანო თბილისისკენ. იქ, სადაც გასაქანს მისცემ  ბავშვობაში დაგუბებულ სურვილებს და აზრებს.იქნებ ხმამაღლა ვთქვათ ხოლმე რომ რაღაც გვჭირდება, რაღაც გვინდა, და ეს მოვითხოვოთ ბოლომდე. იქნებ ხანდახან ბებიებზე და პაპებზე წინ დავდგეთ ხოლმე  და დავინტერესდეთ რატომ ვხარჯავთ ფულს ყოველ წელს გზაზე, წყალზე და სხვა ყოფით თუ არც თუ ისე ყოფით პრობლემებზე. იქნებ მერე გაბრაზებულ მოხუცებსაც ავუხსნათ, რომ ახალგაზრდების გააქტიურებას სჭირდება მათი მოტივაცია და სტიმული. სტიმული ამ შემთხვევაში მათი ცხოვრების სტილში ცვლილებების შეტანა და მათი სურვილების თუნდაც ნაწილობრიც დაკმაყოფილებაა. (ანუ სტადიონის განათებაში გადახდილი ფული საერთოდ არ არის გადაყრილი და ა.შ) ეს შედეგად მოგვცებს მონდომებულ, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულ,საკუთარი თემის პრობლემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს,რომლებიც ბოლოს ისევ სხვებზე, მოხუცებზე და მათ პრობლემეზე იზრუნებენ. რა თქმა უნდა ამას სჭირდება დრო.
თუმცა ფაქტია, რომ  ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვცდებით ყოველდღიურობას და ათწლეულების განმავლობაში ერთსა და იმავე, უკვე დაზეპირებულ პრობლემებზე ვლაპარაკობთ,  ზოგადი სურათი კი იგივე რჩება.
  თუ ვერ ხვდებით რაზე ვწერ,  ალბათ არასოდეს წასულხართ მაღაზიაში მეგობრების სანახავად :) 
იქნებ ოდესმე ეს პოსტი იქცეს პროექტად, ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ბიზნეს-იდეად (მერე რა რომ მე ჰუმანიტარი ვარ:დ) . ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთ ბლოგს იმ ოთახიდანაც დავწერ :)))) <3