April 20, 2016

ჩემი ოქროსთმიანი პრინცი - ლუი

      მაშინ აღდგომა იყო და მე არ მინდოდა ძმა. მე თავიდან არც ერთი ახალი ადამიანი არ მინდა ხოლმე, მგონია რომ სიმშვიდე და შეჩვეული ყოველდღიურობა, გეგმები და განწყობები დამერღვევა. არ ნდომაზე მეტად ეს რაღაცნაირი შიშია - ისეთივე, უცხო ადგილას რომ მიდიხარ და არ იცი რა დაგხვდება. ამიტომაც არ მინდოდა თეკლა და მერე  ლუკა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ანდრეა, მაგრამ ბავშვობაში სახლობანას თამაშის დროს ჩემ შვილს სულ ლუკას ვარქმევდი  და დედამ და მამამაც ლუკა დაარქვეს.
      მაშინ აღდგომა იყო და გაჩნდა ლუკა, რომელიც ჩემთვის არეულ უჯრებთან, დაჯღაბნილ შპალიერთან, უწესრიგობასთან და გაბმულ ტირილთან ასოცირდებოდა - ასე წარმომედგინა ახალი ბავშვი, რომელიც ამ ყველაფერთან ერთად უკვე მესამე შვილი იყო და კიდევ ერთი მეტოქე ერთადერთობაში. ეტყობა მაშინ ჯერ ვერ ვხვდებოდი, რომ მე მაინც ყოველთვის პირველი ვიქნებოდი :დ
მერე თითქოს მომეწონა რომ მე და ლუკას ინტერესები ნაკლებად  გადაიკვეთებოდა და უფროსზე უფროსი და ვიქნებოდი.
არადა ბავშვობაში, კარტს რომ ვთამაშობდით ქუჩაში, როცა ერთმანეთს ეკითხებოდნენ
შენი და სადააო, ან რამდენი წლის ძმა გყავსო, ესეო, ისეო და მე არავინ არაფერს მეკითხებოდა ამ თემაზე, ცოტა მიტყდებოდა მგონი. სამაგიეროდ, მათგან განსხვავებით მე არავინ მიშლიდა ნერვებს, არაფერში მეცილებოდა ვინმე და მოკლედ,ამასაც თავისი პლიუსები ჰქონდა:დ
მაშინ კიდევ რაზე ვფიქრობდი, რა და ვინ მინდოდა არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს როგორი დიდური იყო ჩემი მარტოხელა ბავშვობა: სახლში დედაჩემი და ბებიაჩემი მეთამაშებოდნენ მეზობლობანას, პაპა  ექვსიანობას და ჭადრაკს, მამაჩემი ქოხებს მიშენებდა და იაპონურ ჯოკერს მაგებინებდა მუდმივად და მე ვიჯექი მთელი დღე აივანზე, სადაც მასწავლებელიც მე ვიყავი, მოსწავლეც, დირექტორიც და მშობელიც.  ერთ-ერთი დიდი სიკეთე ამ ყველაფრის ისაა, რომ ჩემ თავთან ძალიან ჯანსაღი კომუნიკაცია მაქვს - რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს ალტერთან მეგობრობა ძალიან საინტერესოა :)
      და-ძმების დადებითი  მხარე  კიდევ  სხვებთან ერთად ისაა, რომ მე ცოტა ნაკლებად ეგოისტი ვარ იმასთან შედარებით, როგორიც შეიძლებოდა ვყოფილიყავი.
     აღდგომა იყო და მე 17 წლით დიდი და გავხდი, არადა  ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ძმაზე.  ყოველთვის მაინტერესებდა რა შეგრძნებაა, უფროს ძმას ჩაშვებით რომ აშანტაჟებ.  არ ვიცი როგორი იქნებოდა რომ ეარსება, მაგრამ პრინციპში ეგ ბევრ უსიამოვნებას და ნერვების მოშლას მომიტანდა, ამიტომ ალბათ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს:დ
       დღეს აღდგომა არ არის მაგრამ ჩემი ლუი 2 წლის ხდება. ლუკა ყველაზე დიდი სიტკბოა დედამიწაზეც, მთვარეზეც - მართლა. მგონია ხოლმე, რომ კულულებიდან ოქრო სცვივა და ღიმილიდან შაქრის კუბიკები. ანანოსაც ყველაზე განსხვავებული ხმით იძახის.
        აი ყველაზე სიყვარული რომ იხატებოდეს ლუკას დავხატავდი.  ...

 არ მომწონს ბავშვებზე იმედებს რომ ამყარებენ, რაღაცეებს ჰკიდებენ და თავისი მიზნებით, ოცნებებით და სურვილებით ამძიმებენ, ამიტომ არ ვიცი როგორი იქნება ლუკა. კი დავწერდი, ყველაზე სიმპატიური, ჭკვიანი და ზრდილობიანი თქო, მაგრამ იქნებ სულაც არ უნდა ... რა პროფესიის იქნება, როგორ იცხოვრებს, რას მოუსმენს,
როგორი ხალხი მოეწონება, რას წაიკითხავს, ჩუმი იქნება და ჯიუტი თუ ხმამაღალი და გულღია, კონვერსი თუ ვანსი, მოდერნი თუ კლასიკა - ძალიან კი მაინტერესებს ისე :დ
  ჩვენ ურთიერთობაში ყველაზე საინტერესო ანგარიშია: მე რომ ვიქნები25ის -ის იქნება 8ის,  მე რომ 45ის - ის 28ის, ის რომ 50ის მე 67ის:)))
ჯერ-ჯერობით მაინც და მაინც გული არ სტკივა რომ ხშირად ვერ მხედავს, მაგრამ რაც უფრო იზრდება მეტად ვენატრები შაბათ-კვირამდე. რაღაცეებს მაბარებს ხოლმე, ყველა ჩემ ყუთში და ჩანთაში ძვრება, ნაუშნიკებს ისტერიკულად აფუჭებს, ჩემ  კედებს იცვამს, ტელეფონს ჭამს, ფურცლებს მიჯღაბნის, პიანინოზე აბრახუნებს და ბუიაბუიაზე გიჟდება. ერთად ვხატავთ ხოლმე ცარცებით და ჯერ კიდევ თვეებიდან ვცეკვავთ, სოუ, ცეკვა ძალიან მოსწონს. იმედია ემახსოვრება  ძალიან პატარას ჩუმად რომ ვაჭმევდი შოკოლადებს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ღირსეულად მიპასუხებს:დ
    ჩემ 19 წლიან ცხოვრებაში მომხდარ განსაკუთრებულ მოვლენებს შორის ერთ-ერთი ლუკაა.
 დღესასწაულები ყოველთვის ასეთი იღბლიანი არ არის.













No comments:

Post a Comment