January 20, 2016

ანტიკური საბერძნეთიდან 2016 წლის ბადიაურამდე, ანუ სათაური ვერ მოვიფიქრე...

   ახლა, წესით, პლატონის პოეტიკურ თვალსაზრისს უნდა ვკითხულობდე, მაგრამ ფიქრ-ოცნება აკვიატებული ხალხი მარტივად ვერ მართავს გონებას. უფრო სწორედ, ჩვეულებრივზე კარგად მართავს, მაგრამ სხვა მიმართულებით. ბოლო დღეებია აუტანლად ვაწვალებ ტვინის უჯრედებს, მაგრამ ალბათ კიდევ ოცნებად, ან ყველაზე კარგ შემთხვევაში გეგმად დარჩენა უწერია ამ ამბავს.
დიდი ხანია ვფიქრობ სივრცეზე. მყუდრო, შინაურულ და საინტერესო სივრცეზე, რომელიც ბადიაურში არ არსებობს.
   მე, ბაია და სოფო ერთმანეთთან დავდივართ ხოლმე სახლებში. ერთმანეთის შპალიერებს ვათვალიერებეთ სხვადასხვა ყავის სუნის და ფერად-ფერადი, ან შავ-თეთრი სალაპარაკოების პარალელურად. ხანდახან, როცა გვინდა რომ სახურავებს გავცდეთ, გარეთ გავდივართ. გარეთ გასვლა პირდაპირზე პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოთ - გასვლა "სუფთა ჰაერზე" ან რამე მასეთი :დ შეგვიძლია სადმე შევხვდეთ: საბჭოსთან, ეკლესიასთან, იმის სახლთან, ამის სახლთან და ა.შ. ჩამოთვლილი ლოკაციის წერტილები, სამწუხაროდ, არც თუ ისე კომფორტულია - სკამები არ დგას. ფეხზე დასადგომი ადგილიც ხანდახან დაკავებულია, მარტო ჩვენ ჰო არ ვნახულობთ ერთმანეთს:დ მოკლედ  დავდივართ. აქეთ-იქით. ვინ იცის ბოლო  3-4 წელში რამდენჯერ გადავსულვართ უმიზნოდ და უმიზეზოდ მაღაზიებში, ერთში, მეორეში, მესამეში, ტრასის ზემოთ, ტრასის ქვემოთ, ჩემკენ, მისკენ და ა.შ.  რამდენჯერ ამოგვიჩემებია სრული სისულელე და ვითომ იმის საყიდლად შემოგვივლია სოფელი. მაგას იმიტო ვშვებით, რომ როგორმე გავიხანგრძლივოთ სალაპარაკო საათები. ჰომ აქვთ ადამიანებს უფლება, ერთმანეთი ნახონ, მაგრამ არა სახლში. სეირნობა კარგი იდეაა, მაგრამ ყოველთვის არ გვინდა. მაშინ ჩემთან წამოდით. და ისევ იგივე - დაწყევლილ წრეზე ვტრიალებთ :დ ვიცი, პრობლემის დანახვა თუ არ გინდათ, იტყვით, რომ იდიოტური მიზეზია და თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევა - ანუ თუ ვინმეს ნახვა გინდა ყველგან ნახავ, მაგრამ რატომ?
    მოკლედ, ჩვენი მარშუტის ამბავი საინტერესო არ არის. დაიკიდეთ,მაგრამ  თუ ბადიაურში ცხოვრობთ, ან საერთოდაც, რომელიმე სოფელში, არ გიფიქრიათ, სად ნახავდით მეგობრებს, მათი მიყვანა სახლში რომ არ შეგეძლოთ და ვერც იმათთან მიდიოდეთ, თან გარეთ კოკისპირულად წვიმდეს? არ ნახავთ და მორჩა? - ჰო, ყველაზე მარტივი გადაწყვეტა მასეთია, მაგრამ აბა ცოტა გაირთულეთ საფიქრალი: თუ ქალაქებში შეიძლება ადამიანებმა აირჩიონ კაფეები, ბარები, პაბები, დარბაზები, ოთახები ინტერიერის, მენიუს, მომსახურეობის მიხედვით, რატომ არ იმსახურებს სოფელში მცხოვრები, ერთ ადგილას მაინც ჰქონდეს წასასვლელი? და არ იყოს ეს წასასვლელი - " სტუმრად".
  წარმოგიდგენიათ, რა მაგარი იქნება ბადიაურში რომ იყოს ახალგაზრდული სივრცე. ან რატომ მარტო ახალგაზრდული?! უბრალოდ, სივრცე, თავისუფალი. სასიამოვნო, ძალიან უბრალო, მარტივი და ჰენდმეიდი დიზაინით. იყოს პუfები და ბევრი ხის სკამი. იქნებ ერთი სარწეველა სკამიც არ გახდეს დიდი პრობლემა. რამდენიმე მაგიდაც. იყოს მუსიკა და ინტერნეტი. კედლებზე იქნებ თაროები ყოფილიყო. ყველა მივიტანდით წიგნებს, თუნდაც სათითაოს. მე ჩამოვკიდებდი კედელზე ლინდგრენის პორტრეტს, და საერთოდ, ყველა შემოახედებდა  თავის წილ სიყვარულს. გვექნებოდა ოთახის ყვავილები.  ასეთი სივრცისთვის გავიმეტებდი ჩემი ლიმნის ხის რომელიმე უმცროს შვილს. წარმოგიდგენიათ, რა კარგი იქნებოდა  ერთი ასეთი თავშესაფარი ახალგაზრდებისთვის? რამდენი დაქალი ჩამოჯდებოდა ჩვენ სკამებზე, რამდენი შეყვარებული  ილაპარაკებდა მშვიდ გარემოში წყნარად? რამდენი ადამიანი მოვიდოდა უბრალოდ მარტო ყოფნისთვის, თავის თავთან. როგორი გემრიელი საღამოები იქნებოდა, პლედებში გახვეულები ფილმებს რომ ვუყურებდით, ან როგორი სასიამოვნო იქნებოდა აქვე, სოფელშივე რომ წახვიდოდით თქვენი მეგობრის ნახატების გამოფენაზე...  ჰო, ჩაიდანიც გვექნებოდა და კოპლებიანი ფინჯნებიც ჩაისთვის..
 ეს ყველაფერი არც ზღაპრიდანაა და არც წარმოუდგენელია. ადამიანებს ყველაზე ნაკლებად აქვთ ერთმანეთის იმედი და იმიტომ აწებებენ  რაღაცებს შეუძლებელის სტატუსს. სინამდვილეში, ყველაფერს სურვილი ქმნის და რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტ ადამიანს ვიცნობ, მით უფრო ვრწმუნდები ამაში. შესაბამისად, მგონია, რომ  ნებისმიერი პროექტის განხორციელების სირთულე, საზოგადოებაა. ანუ, ისინი ან მართლა, გულწრფელად ვერ ხვდებიან საჭირეობას, ან გადამეტებული სკეპტიციზმით უყურებენ მოხალისეობრივ წამოწყებას ("მოსცლიათ" ) ან უბრალოდ ეზარებათ დამატებითი საფიქრალის გაჩენა - ყველას ჰომ ისედაც უკვე აქვს თავისი :)  ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი, ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ სოფელში არის ის, რომ იშვიათად ეკითხებიან საკუთარ თავს, როგორი ცხოვრება უნდათ.  რატომ უნდათ თბილისში წასვლა, სოფლიდან წასვლა..  "უკეთესი პირობები"  იქნებ ცოტათი ჩვენზეც არის დამოკიდებული?  ბუნებრივია, ასეთი პროექტების განხორციელებას ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი არ ეყოფა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ხმამაღლა ვილაპარაკოთ ჩვენს ოცნებებზე, იდეებზე. სოფელი არ არის ადგილი, სადაც რაღაც ეტაპამდე უნდა "გაძლო", როგორმე, დროებით და მერე გაექანო თბილისისკენ. იქ, სადაც გასაქანს მისცემ  ბავშვობაში დაგუბებულ სურვილებს და აზრებს.იქნებ ხმამაღლა ვთქვათ ხოლმე რომ რაღაც გვჭირდება, რაღაც გვინდა, და ეს მოვითხოვოთ ბოლომდე. იქნებ ხანდახან ბებიებზე და პაპებზე წინ დავდგეთ ხოლმე  და დავინტერესდეთ რატომ ვხარჯავთ ფულს ყოველ წელს გზაზე, წყალზე და სხვა ყოფით თუ არც თუ ისე ყოფით პრობლემებზე. იქნებ მერე გაბრაზებულ მოხუცებსაც ავუხსნათ, რომ ახალგაზრდების გააქტიურებას სჭირდება მათი მოტივაცია და სტიმული. სტიმული ამ შემთხვევაში მათი ცხოვრების სტილში ცვლილებების შეტანა და მათი სურვილების თუნდაც ნაწილობრიც დაკმაყოფილებაა. (ანუ სტადიონის განათებაში გადახდილი ფული საერთოდ არ არის გადაყრილი და ა.შ) ეს შედეგად მოგვცებს მონდომებულ, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულ,საკუთარი თემის პრობლემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს,რომლებიც ბოლოს ისევ სხვებზე, მოხუცებზე და მათ პრობლემეზე იზრუნებენ. რა თქმა უნდა ამას სჭირდება დრო.
თუმცა ფაქტია, რომ  ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვცდებით ყოველდღიურობას და ათწლეულების განმავლობაში ერთსა და იმავე, უკვე დაზეპირებულ პრობლემებზე ვლაპარაკობთ,  ზოგადი სურათი კი იგივე რჩება.
  თუ ვერ ხვდებით რაზე ვწერ,  ალბათ არასოდეს წასულხართ მაღაზიაში მეგობრების სანახავად :) 
იქნებ ოდესმე ეს პოსტი იქცეს პროექტად, ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ბიზნეს-იდეად (მერე რა რომ მე ჰუმანიტარი ვარ:დ) . ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთ ბლოგს იმ ოთახიდანაც დავწერ :)))) <3