October 24, 2015

მატეა და ყვავილებიანი მარტენსები


       ღუმელში გოგრა იწვებოდა. სამზარეულოში ვისხედით, მაგიდასთან. ბროწეული სისხლისგან იცლებოდა. ჩვენ უხმოდ ვარჩევდით და ვჭამდით. მარტო ჩაიდნის ხმა ისმოდა. ღრმად ვსუნთქავდი, რომ დიდხანს დამმახსოვრებოდა ოთახის სუნი. შემწვარი გოგრის სუნი.
   მატეა მიყურებდა, მე თავს არ ვწევდი.
- იცი, რომ სელინჯერს სურათების გადაღება არ უყვარდა?  
- ჰა?
 პირი მოიწმინდა და გაიმეორა.
- სელინჯერს მეთქი, სურათები რომ არ უყვარდა, იცოდი?
- ჰოო?
- ერთადერთი სურათის გადაღება მოუსწრია ვიღაცას, მუშტმოღერებული და გაბრაზებულია. 
- სხვა არაფერი გაქვს სათქმელი? საიდან მოიტანე ?
- შენ ხო გიყვარს, არა? 
- მივდივარ
- ეხლა? მართლა წახვალ? ამდენი ...  - არ ვიცი რას ამბობდა.
- სხვა დროს

    სადარბაზოში ნაგვის სუნი იდგა. კაშნე ავიფარე ცხვირზე და ქუჩაში გავედი. თოვდა. დაჯდომა მინდოდა სადმე, წყნარად და თბილად. ფეხით ავუყევი გზას. ყვავილებიანი მარტენსები მეცვა და შავი ჯინსი. მციოდა. 
   კაფეში ცხვირაწითლებული და აკანკალებული შევედი. არ ვიცი ვინ მღეროდა, აშკარად ზედმეტად ხმამაღალი მუსიკა იყო კაფესთვის. შესვლისთანავე ვიღაცის მყვირალა სუნამო მომმვარდა, კაშნე კიდევ უფრო ავიფარე, ყავა ავიღე და მეორე სართულზე ავედი. არ მომეწონა, ბევრი ხალხი იყო. გოგონების ზუზუნივით გაბმული ჭორაობა და აქა-იქ ხმამაღალი გადაკისკისებები გულის რევის შეგრძნებას მიქმნიდა. ახლოს მსხდომები შევათვალიერე, დიდი არაფერი: ორი დაქალი, რომელიც ისტერიკულად სქროლავდა ფეისბუქს, მეორე მაგიდასთან შეჭაღარავებული კაცი, წიგნით.
   გამახსენდა მატეა, "სისხლიანი" ხელებით რომ დავტოვე სახლში, გოგრის სუნიც გამახსენდა და ცოტა ვინანე, რომ ესეთი სუსტი ვარ. გული დამწყდა, რომ ვერ გავუძელი  ემოციებს, შიშს,  რომ  საერთოდ სხვანარია ახლა და გამოვიქეცი. ადრე ალბათ რამდენჯერ მინატრია სახლში დამხვედროდა, ან ისევ დაეძახა ჩემთვის ეზოდან.
     მომღიმარი სახეები, ცნობისმოყვარე თვალები და პუტკუნა ლოყები უცებ გაქრა  და  დავინახე ერთადერთი ბიჭი, რომელსაც ნერვიულობის დროს თვალები უთეთრდება. ვხედავდი როგორ მიათრევდა ლურჯ ზურგჩანთას და მალ-მალე ისწორებდა ქუდს. ალბათ ერთხელ შეჩერდა და მოიხედა კიდეც, ალბათ იღიმოდა,  მაგრამ მე არ შევხედე, როგორც დღეს.

          ხშირად გავდიოდი ხოლმე იმ გზაზე, ჩემი ბაღიდან იმის სახლამდე რომ მიდიოდა, მაგრამ  ის ზურგჩანთა აღარ გამოჩენილა არასოდეს,პრინციპში აღარც ზურგი. მარტო ბებიაჩემის ზღაპრები მშველოდა  მოწყენილი საღამოების დროს, როცა მოკუნტული ვიწექი ხოლმე სავარძელში და ვფიქრობდი მუცელი მტკიოდა თუ გული.

      მერე გამიარა. და  საერთოდაც მერე დამავიწყდა. მერე მატეაც დამავიწყდა და გზაც. ზურგჩანთაც. ის ერთ-ერთი ფბ ფრენდი გახდა, რომელსაც მესიჯზე პასუხი მაინც და მაინც არ უნდა დაუგვიანო და დღესასწაულებიც მიულოცო. ბევრჯერ ამიკრეფია ტექსტი შესავლით - "გახსოვს...? "- ყველა შემთხვევა მთავრდებოდა წაშლით - რათქმაუნდა, არ ახსოვს.
       ყვავილებიანი მარტენსები  ვიყიდე და ახალ გზებზე დავიწყე სიარული.
   თუმცა ყველაზე დიდი მანძილი  დღეს გაიარეს, რამდენიმე გაჩერება  10 წლის სავალ გზად  იქცა.  ვაკაკუნებდი კარზე, რომლის იქითაც უნდა მდგარიყო 11  წლის მატეა, ფერმკთალი, ღია ფერის თვალებით, დაკოპლილი ჯემპრით, მანტოთი და ლურჯი ზურგჩანთით, ისე როგორც წავიდა ერთ დღეს "უცხო ქვეყანაში." ასე ეძახდა ბებიაჩემი გერმანიას.
     კარის მეორე მხარეს იდგა ვიღაც დიდი  ბიჭი. წვერით და სასაცილო ჩუსტებით. დიდი  ჯემპრი და შორტები ეცვა. ჯერ თვალები გაუუფერულდა, მერე გაიღიმა.
    ინტერესით ვკვდებოდი,  ისე მინდოდა გამეგო ყველაფერი, იმ გზის ბოლოდან დღევანდლამდე. მინდოდა მეკითხა ყველაფერი: ის სურათი სად გადაიღო, ეს ჯემპრი სად იყიდა, შეყვარებული ჰყავს? შოკოლადი ისევ უყვარს? და საჩუქრები არ ჩამომიტანა?
      ღმერთო.
    მივხვდი, რომ საერთოდაც არ მინდოდა ამოეღო ხმა. წამიერად მივხვდი, რომ მე ვიცოდი ყველაფერი იმ დროიდან, როცა ჩემამდე მოაღწია ინტერნეტმა,  მაგრამ ამდენი წელი არ მომესმინა მისი ხმა. შემეშინდა რომ ეს ყველაფერ ძველს და ბავშვობისდროინდელს  ნაგავში გადაყრიდა.
 რა თქმა უნდა, ჩაის დავლევთ. უკვე მოწყობილა. ყველაფერი აქვს. მაგრამ მეშინია რომ რაღაცეები შეიცვლება  "უცხო ქვეყნიდან" ჩამოსვლით.
 ჩემი ყვავილებიანი მარტენსებით მარტომ რომ ვეღარ ვიარო?

      .....

- წარმოიდგინეთ სარკე, რომელშიც 21  წლის ასაკში ჩაიხედავთ, იქიდან კი 11  წლის თქვენი თავი შემოგხედავთ
- უკაცრავად?!
გავიმეორე.
- ცუდად გრძნობთ თავს?  წყალი ხომ არ მოგიტანოთ?
კიდევ გავიმეორე.
- მე..   არ ვიცი. მეხუმრებით?  თუ ზღაპარს მიყვებით?  ამდენი დრო არ მაქვს.   ბარათით გადაიხდით?
 გამეღიმა. ყურებამდე. ყურებამდე გამეღიმა.
- ზღაპარს გიყვებით.
 ფული და  ბევრი მადლობა დავტოვე  მაგიდაზე და წავედი. წავედი გოგრის სუნიან და წითელ ბროწეულებიან სახლში, უფეროთვალებიან ბიჭთან.

....
                                                   
- ვიცი რომ მაგრად მოგწონს
- რა?
- ჩუსტები
- ვინმე ბავშვს წაართვი?
- ო ნუ გშურს. შენთვისაც მაქ, ოღონდ შენსას ჟირაფები აქვს
 


* მგონი მართლა აღარ ვივლი ხოლმე ამის შემდეგ ყვავილებიანი მარტენსებით მარტო.
 
* კიჰ, 39 ზომა ჩუსტი ორიგინალური სუვენირია :))


                                                                                                               შაბათი,  20 დეკემბერი,  201*
                             
                                                                                                                                                                                                                               


                                     









September 12, 2015

# მეორადი ჩარიცხვები

    ამაზე მაშინაც დავაპირე დაწერა,  ყველა საინფორმაციოში რომ ლაპარაკობდნენ, მაშინაც ფბზე  ახალ-ახალი ჯგუფები რომ იქმნებოდა - ორივე ბანაკის მხრიდან, მაშინაც პეტიცია რომ გამომიგზავნეს და მაშინაც, ხელი რომ მოვაწერე. მაშინ ძალიან სუბიექტური ვიყავი.
   ეხლა, როცა  უემოციოდ  უყურებ იმავე საკითხს, ადვილია მიხვდე ვინ, რას,  რატომ აკეთებდა და რამდენად ჰქონდა ამის უფლება.
  ვერ შემდგარი სტუდენტები -  ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გაუჩნდება თანაგრძნობა მათ მიმართ. როცა გამოცდაში იჭრები და ვერ აბარებ, რა თქმა უნდა გწყდება გული,მაგრამ იცი, რომ  შენი ბრალია, შენი შედეგია და არავინაა ვალდებული ამ შედეგის გაუმჯობესებაზე იზრუნოს (შენ გარდა). მაგრამ როცა აბარებ, მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ყველა საგანში ლახავ და სტუდენტი ვერ ხდები, ალბათ არის ჯერ ძალიან დიდი მოულოდნელობა და შოკი, მერე უსამართლობის შეგრძნება და ნდობის სრული დაკარგვა  სახელმწიფოს, საგანმანათლებლო სისტემის მიმართ. გაქვს შეგრძნება, რომ სახელმწიფომ გაგრიყა, დაგჩაგრა. ალბათ იქნება ამ ბავშვებშიც 2 კატეგორია: ერთნი, სწორედ ამ პროტესტის გამო, თუნდაც თავიანთი ნიჭის, შესაძლებლობების დასამტკიცებლად ისევ გაივლიან აბიტურიენტობის საშინელ წელს (არ შემრცხვება ვუწოდო ამ გზას გრძელი და ეკლიანი:დ ოღონდ მართლა)  და თავიდან ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს. მიიღებენ იმას, რასაც ითხოვდნენ წელს.  მეორე კატეგორია, რომელშიც იმედი მაქვს მინიმალური რაოდენობის ბავშვები იქნებიან, მორალური, ფიზიკური თუ მატერიალური მიზეზების გამო  უარს იტყვის სტუდენტობაზე, დროებით თუ სამუდამოდ. 
 
აქედან გამომდინარე თანავუგრძნობ მათ, ვემხრობოდი, რომ დარჩენილ ადგილებზე გამოეცხადებინათ კონკურსი და გაენაწილებინათ ისინი. აქედან გამომდინარე ვამართლებ მათ პროტესტს და არა იმიტომ, რომ განათლების სისტემაა გაუმართავი. ეს ხომ მარტივია, რატომ არ იყო გაუმართავი იგივე სისტემა 28000 სტუდენტისთვის (არ ვარ დარწმუნებული რომ რიცხვზე სწორი ინფორმაცია მაქვს).

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო & გამოცდების ეროვნული ცენტრი -  რაც არ უნდა დაუნდობელი იყოს  ეს ხალხი, დამნაშავე აშკარად არაა. მათ მისცეს უფლება აბიტურიენტებს, აერჩიათ უნივერსიტეტების და ფაკულტეტების ულიმიტო რაოდენობა და ეცვალათ თანმიმდევრობა თუ ჩამონათვალი აპელაციის დაწყებამდე.  უკვე მერე: ისიც გასაგებია, რომ ეს ყველაფერი დიდ ქაოსს, გაუგებრობებს, სასწავლო პროცესის შეფერხებას გამოიწვევდა, მაგრამ იქნებ მაინც უნდა მიეცათ სწავლის შანსი იმ ბავშვებისთვის, ვაკანტური ადგილების ხარჯზე.

    მედია -  მთავარი. ტყუილად არ უწოდებენ ჩემს ჟურნალისტიკას მე4 ხელისუფლებას:) ბრედბერის მიერ მედუზად მონათლულმა ტელევიზიამ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა მთელი ამ ხმაურის  შექმნაში. მახსოვს როგორ გავბრაზდი იმ სიუჟეტის ყურებისას,  როცა თითქოსდა მაია მიმინოშვილმა ეროვნული გამოცდების ახლიდან ჩატარება დააანონსა. მე ვლაპარაკობ არა მარტო ტელევიზიაზე, ბეჭდურ და განსაკუთრებით სოციალურ მედიაზეც: სწორედ ფბ-თი გავრცელდა უამრავი დამახინჯებული, შეცვლილი განცხადება, მოწოდება, სურვილი. ჯგუფიდან ჯგუფში და  გვერდიდან გვერდზე "გაფუჭებული ტელეფონის" პრინციპით  გადადიოდა და გადმოდიოდა აზრები, რომ ის ბავშვები ითხოვდნენ გამოცდების ხელახლა ჩატარებას, რომ განათლების მინისტრი თანახმა იყო, რომ ერთადერთი ჩვენ თვითონ უნდა დაგვეცვა ჩვენი თავი და ა.შ. არასწორმა ინფორმაციამ და უსამართლობის პროვოცირებამ ბავშვები, რომლებსაც რეალურად ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონიათ 2 ბანაკად გაყო და დააპირისპირა.

  ხომ აშკარაა ამდენ "მსხვერპლში" რეალურად ვინ დაზარალდა :( ძალიან მინდა რომ ამ ფაქტმა მათში სწორი პროტესტი გამოიწვიოს - თუ მართლა სხვისი ბრალი ჰგონიათ, გაუმძაფრდეთ საკუთარი სიმართლის დამტკიცების მოტივაცია და ძალა, თუ ოდნავ მაინც ხვდებიან, რომ თვითონაც შეეშალათ რამე ( და ეს ასეც იყო.და ამისგან ალბათ არავინაა დაზღვეული)   ისწავლონ შეცდომებზე და უარი არ თქვან თავის ოცნებებზე.
    განათლების სამინისტროს ალბათ არაფერი დააკლდებოდა თავისუფალ ადგილებზე მათი დაშვებით -  ხანდახან ადამიანურად მოქცევაც  იქნებ სჯობდეს. და ის დაპირისპირების მარცვალიც რომ მათი ჩაგდებულია, აშკარაა, მიმინოშვილმა რომ ჩვენ მოგვანდო ჩვენი ადგილების დათმობის ამბავი ჯერ კიდევ მაშინ. (სიუჟეტამდე ამბავი)
    ჩვენც არაფერი დაგვაკლდებოდა მაშინ აი, ზუსტად ამ მოთხოვნით, მათი გვერდში დადგომით. წარმოსახვით მტერზე გამარჯვება არც თუ ისე კარგი შეგრძნებაა.
    წესით მედიას უნდა ექნა ეგ - ის უნდა ეთქვა, რაც ცოტამ იცოდა და შეიძლება სულ სხვა მდგომარეობა ყოფილიყო ახლა. მაგრამ ....

      :)

    2 დღეში სწავლა იწყება, წარმატებები <3



































 

May 18, 2015

ბოლოჯერ - მოსწავლის სტატუსით:)

   
       ბოლოზარი ტრადიციულად მთავრდება მიმართვებით - რაც იმაიმუნე და იღადავე სკოლაზე თუ სხვებზე, იმ "გამოსამშვიდობებელი" სიტყვით უნდა გამოასწორო. თან რამე ისეთი უნდა იყოს, რომ ყველა მასწავლებელს გულში გაკრას სიტყვებმა, აი ხო სისხლი გამიშრეთ მაგრამ მაინც  "ჩემები"  ხართ და ცხვირსახოცი მოაძებნინოს ჯიბეში, მარა მარტო მასწავლებლებზე არ უნდა გათვალო: დამსწრე საზოგადოებასაც უნდა აღებეჭდოს სახეზე  სევდიანი ღიმილი და მომავალში მომზირალი თვალები - აი ეს შედეგი თუ დადე, ესეიგი კაი სიტყვა დაგიწერია. ჰოდა, ამ მიმართვის დასაწერად 12 წლის მეხსიერება რომ მოვიხმე, ბევრი რაღაც გამახსენდა:)
   თავი 1. სანიმუშო კლასი
  თავიდან ვიყავით 21, მერე ... , მერე .... ,   ეხლა 15. მუდმივად იცვლებოდა კლასის შემადგენლობა, მაგრამ დღემდე ყველა ისეთი მახსოვს, როგორიც პირველ კლასში იყო. თავიდან დიდად არ ვმეგობრობდით, ბაღიდან გაყოლილი დაქალობა მაკავშირებდა რამდენიმესთან, პრინციპში მაშინ რის მიხედვით ვარჩევდი დაქალებს არ ვიცი, ყველა ერთნაირი იყო. მერე როგორც ხდება ხოლმე, პირველ კლასში, სწავლის მიხედვით ნაწილდება სამეგობროები და მეც ვერიკოს და ცირას მეგობარი ვიყავი. სულ წინ ვიჯექი და უკან სამყაროში რა ხდებოდა არ მაინტერესებდა.  მაშინ ყველა ჩვენგანის პირველი ამოცანა ის იყო, იმაზე უკეთესები გამოვჩენილიყავით, ვიდრე სინამდვილეში ვიყავით. ეს არ გვინდოდა შეგნებულად, უბრალოდ ვიცოდით, რომ ასე იყ
ო საჭირო.
მაშინაც არ მიყვარდა მათემატიკა და პირველი ოთხიანი მე4 კლასში ვიყავი, რომ მივიღე. როგორი მძიმე დღე იქნებოდა ჩემთვის, ადვილი წარმოსადგენია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეხლაც  კარგად მახსოვს ის სცენა: დაფასთან ვდგავარ და რაღაცას ვანგარიშობ, მერე ვწერ,  მაგრამ "დიდხანს ფიქრი" არ მეკადრება და დღიურში მეწერება 4იანი. ამის მერე მივატოვე ძველი ჩვეულება, ყოველ საღამოს დღიურების ამაყად თვალიერება და სადღაც მივაგდე.
რა თქმა უნდა, დაწყებითებში დავიყავით "კარგ" და "ცუდ" ბავშვებად. / ბუნებრივია სწავლის დონეზე იყო ეს დამოკიდებული./ მაშინაც ისევე მაკომპლექსებდა ეს, როგორც ეხლა.  სკოლის და განსაკუთრებით "ძველი დროის" მასწავლებლების ბრალი მგონია ის, რომ რაღაცნაირი, არცთუ ისე კეთილგანწყობილი  დამოკიდებულება  ყალიბდება ამ ორ "ბანაკს" შორის. პარალელების გავლება და მუდმივად განსხვავებაზე მითითება, "შენ რაღა დაგემართა", "აბა იმას შეხედე" და მსგავსი ფრაზები, ქვეცნობიერად  აღვივებს ბავშვებში აგრესიას. ეს მაშინ არ მიგვრძვნია, მაგრამ რადგან  მეორე ბანაკს დღესაც  ახსოვს ეს განსხვავებები, ის შემთხვევები, როცა ყველამ ერთად დავაშავეთ, მაგრამ რამდენიმე  ამ სტატუსის გამო გადავრჩით და სხვები დაისაჯნენ, ვხვდები, არ იყო მაშინ ეს დამოკიდებულება სწორი. და საერთოდ, ბევრი კომპლექსი სწორედ ამ  კლასებში აგვეკიდა. ჯერ ბავშვების ხმები, იცი, უყვარხარ,  უყვარს, გიყვარს? - გთრგუნავს, მერე მასწების "როგორ შეი
ძლება" ლექციები,  ეგ შენი დაა, ეგ შენი ძმაა, გიყალიბებს აზროვნებას, რომ სიყვარული აუცილებლად უნდა დამალო. რომ სირცხვლია შენს გრძნობებზე ხმამაღლა ლაპარაკი. და ეს ლექციები ჩაცმაზე, ქცევაზე, ყველაფერზე, რაც დანარჩენებისგან განგასხვავებს, გაზომბირებს, და  მასას უერთდები. ამიტომ ვფიქრობ, რომ  დაწყებით კლასებში, ინდივიდუალური პიროვნებების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათემატიკის და ქართულის "საფუძვლის ჩაყრა".                                 სულ რამდენიმე თამაში გვქონდა, მოდობანა, ქალაქობანა, პოლიციობანა და  რაღაც: ეზოში ერთი დიდი ორმო იყო და იმის გარშემო დავრბოდით.  ვიღაც "დედა" ორმოში იდგა და იჭერდა. ვთამაშობდით მანამ,  სანამ რომელიმე მასწავლებელი არ გამოგვყრიდა, ჩაინგრევა და საშიშიაო. დღემდე ვერ ვხვდები ორმო როგორ უნდა ჩაინგრეს. ჰო, კიდე "მოდი ვიტრიალოთ" - იყო. მაშინ ძალიან გრძელი თმა მქონდა, ცირასაც და ვიდექით და  კლასში ვბზრიალებდით. დანარჩენები იდგნენ და გვიყურებდნენ:დდ
   ჰო, მართალია, გართობის პრიმიტიული ხერხები გვქონდა.

    თავი2. "სამახსოვროს წაიღებ?"
  მე5, მე6, მე7 იგივე გრძელდებოდა.  აქედან დაიწყო სამახსოვროების ეპოქა:) ვწერდით და ვწერდით, საყვარელი ვარცხნილობიდან დაწყებული - სტოპ! რა გაიგეთ ამ წუთას-ით დამთავრებული, ყველაზე და ყველაფერზე ვეკითხებოდით ერთმანეთს. პასუხები copy-paste იყო ყველა რვეულში.  ეხლა რომ ვკითხულობ ყველაზე სასაცილო ის შეკითხვაა, თქვენი (!) საუკეთესო მეგობარი -  და  პასუხში აუცილებლად უნდა გეხსენებინა მაინც, დღიურის  პატრონი:დ ბიჭები არ გვივსებდნენ ხოლმე და თუ გაატანდი - ძალით. ერთხელ შოთიკოს ძალით წავაღებინე და 1 თვე ვეხვეწებოდი უკან მომიტანე თქო. მომიტანა და მარტო საყვარელი მანქანის ადგილას ეწერა - "ბეენვე" :დდ  მაშინ ყველას საყვარელი მსახიობი -მარიო ჩიმარო იყო, და კიდევ სხვები, ნუ არ მახსოვს.  ა. სერიალების ბუმი იყო და სამახსოვროს მთელი ხიბლი ამ  მსახიობების "ნაკლეიკები" იყო, " აუ ხიმენა ჩამიკარი რა":დდდ  ყველას ყველა უყვარდა, ნამდვილი ჰარმონია სუფევდა მასწავლებლებს და ჩვენს შორის. არც არავინ იღებდა ხმას. "შემოწმებაზე მოდიანო" და ვინ საყურეებს იხსნიდა, ვინ მანიკურს იცვლიდა, ვინ  ჟაკეტს იკრავდა ვერ გაიგებდი. შევტენიდით ხოლმე ტელეფონებს კედლებში, ან ძველ გამათბობლებში და ვისხედით გულაჩქარებულები.

     თავი3. "იარლიყების ახევა და (რ)ევოლუცია"
    მე8დან დავიწყეთ რაღაცეების არ მოწონება და ხმამაღლა აღნიშვნა.  ნუ, მცდელობა  მქონდა ყოველ შემთხვევაში. სწავლის დონე  იგივე რჩებოდა, მეტიც, უფრო შეგნებულად ვხვდებოდი,რატო უნდა მესწავლა, მაგრამ  მივხვდი რომ მერხთან გაჭიმული ჯდომა არ მომწონდა და ცოტა უკანაც გადავინაცვლე.
       მე9ში კლასს ერთმა, დიდმა პროტესტის ტალღამ გადაგვიარა, ყველა ერთნაირად შეიცვალა და სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდა. მივხვდით, ან მოდი, ჩემზე ვიტყვი, მივხვდი, რომ არ მინდოდა მასის ნაწილი ვყოფილიყავი, განსხვავებული რაღაცეები და ვიღაცეები მომწონდა, და ეს ხან სასაცილო იყო, ხან გამაღიზიანებელი, მაგრამ მაინც ვამბობდი. ყველა თავისებურად ცდილობდა გამოეხატა ეს დაგროვილი სათქმელი, რომ განსხვავებულია, და როგორც "რიგითს" არ უნდა მოექცნენ. სამეგობროები, გოგოები, ბიჭები, "კარგები", ცუდები" ყველა ერთმანეთში აირია. ის ტრაგედიაც დამთავრდა და გახშირდა შატალოები - ა'ეხლა  აღარავის სჭირდებოდა ხვეწნა, ვიღაც იტყოდა და მივდიოდით. ერთადერთი, ვერიკო იყო ჩვენი 'ურწმუნო თომა', დღემდე იმის წაყვანას დიდი ხვეწნა  უნდა.
  ჩემი სკოლის ბავშვების ერთ-ერთი მთავარი გასართობი ზამთარში იყო 'ფეჩი' ( და არა ღუმელი.) "დავაბოლოთ?"  იტყოდა ვიღაც და ყველა მზად იყო. ვაძრობდით მილებს, თან ქარიც თუ იყო, ძაღლი არ დაყეფდა ჩვენს ბედს. და  ვისხედით მერე კვამლში 7 გაკვეთილი, ძაან ბედნიერები, იმით რომ გაკვეთილი ჩაიშალა. გაკომედიურდა ყოველი დღე. მაგრამ არ შეცვლილა სწავლა.რასაც შეგნებულად უდგები და გესმის, რაში გჭირდება, ალბათ ესეა, ვერაფერი გაიძულებს მიატოვო. უბრალოდ აქ უკვე კარგად ვიცოდი, "ტექნიკურები" (:დ) რომ ჩემი სფერო არ იყო.
   ამ კლასებში, ყველას ჰგონია, რომ მართვის და დამორჩილების საუკეთესო საშუალება სახელმწიფოსგან მონიჭებული სადამსჯელო ღონისძიებებია. მაგრამ, საკუთარი და კიდევ 14 ბავშვის გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე, ყველაზე იშვიათად უნდა უხსენო, მე9 დან ზევით, მოსწავლეებს "სკოლის შინაგანაწესი", "დასჯა", "ხელს მოგაწერინებ", "იმას დავურეკავ, ამას ვნახავ", "გაგრიცხავ":დდ უბრალოდ უნდა დაჯდე და დაელაპარაკო მშვიდად და რაც მთავარია, გულწრფელად. არც კარგი ყოფა-ქცევისთვის უნდა შეჰპირდე "პრიზს" და არც ცუდისთვის - აპოკალიფსის დაწყებას. უნდა გამონახო საერთო, ულტიმატუმების და სისულელეების გარეშე.

  თავი4.  როგორც გენებოთ:) 

       მე12 კლასი არის რამდენადაც ყველაზე დატვირთული, იმდენად კარგიც.  უკვე "გამოცდილი მოსწავლე" ხარ. ცოტა ისეთი დროა რა, თითქოს  უკვე ხვდები, რომ დაამთავრე ერთი ეტაპი. კარგი ეტაპი და გული გწყდება.
აღარც დაშლილი მეგობრობებია და აღარც კომპლექსები - ერთი პატარა "სასტავი" ვართ, სადაც ისეთი უყვარხარ ყველას, როგორიც ხარ. იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა უფრო "სერიოზულ" საკითხებზე ვდაობთ, ხანდახან ერთმანეთს ვეღარ ვიტანთ, მაგრამ ეს რაც მთავარია, დროებითია:დ
      და მაინც, მაგარია, რომ სკოლიდან გამყვება ბაია&სოფო. ალბათ კიდევ ძალიან დიდი ხანი. კიდევ გამყვებიან ... , ჰო ბევრი გამყვება:)
       11 წლის განმავლობაში, მაისში, სხვების ბოლოზარს რომ ვუყურებდი ხოლმე მოაჯირიდან გადაყუდებული,  ვფიქრობდი, როდის ვიქნებოდი სცენაზე მე. წელს კი მეღირსა, მაგრამ სექტემბერში სკოლაში რომ აღარ მოვალ ცოტა ტეხავს. უკვე უცხო პირად ვითვლები. რაც არ უნდა ვთქვა, მაინც მომენატრება ჩემი დაჩხაპნილი მერხები, "ფეჩი", სიცივე, ნათელა & ვარდო, ვარდოს "ნისიების სამტომეული", რაღაცნაირი ქადები,  ზარის ხმა, უკვე მეგობრებად ქცეული მასწები, ხილის მოპარვები, გაპარვები, "დირექტორთან დაბარებები", ბავშვები... უჰ:(    ბავშვებს უკავშირდება ალბათ ყველაზე დიდი შიში. დაკარგვის შიში.
    სასაცილო დროა. მე8-მე9 ფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ხარ და მე12ში ვერ აცნობიერებ 18 წელს და პატარა ბავშვი გგონია თავი. სასაცილოა ისიც,  უკვე ყველა გზა იცი, იქ რაღაც ჩაშლის, გაპარვის, მაგრამ აღარ გჭირდება. ისედაც იმდენი პრივილეგია გაქ, და ისეთი თავისუფალი ხარ რომ  აღარ გჭირდება მაიმუნობები. რაღაცნაირ ოჯახად ვიქეცით, ფუნქციებ- გადანაწილებულებად. აღარც ფეჩის დაბოლება მოგვწონს. ეს ზამთარი ალბათ მაგითაც იყო განსაკუთრებული. თავისუფალ დროს, ვისხედით "ფეჩის" გარშემო და ვლაპარაკობდით ბევრს, ბევრს. ადრინდელზე, მომავლებზე, სხვებზე, ჩვენზე.. იქამდე თუ  ყველა გაქცევაზე იყო, წელს დასვენებებზეც კი არ გავდიოდით გარეთ.
 
      ჰო რავიცი.
 ... მაინც კაია სკოლა.





















































April 15, 2015

სად იწყება ტრაგედია?

     ადამიანების უმრავლესობისთვის ტრაგედია სიკვდილია. სამწუხაროდ, თუ ნუ მოკლედ, მეც ამ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები. არადა არ არის სწორი. და მე ეს მითუმეტეს უნდა ვიცოდე. და ვიცი.
  ბევრის სიცოცხლე გაცილებით დიდი ტრაგედიაა. ასეთი სიცოცხლის დროს ადამიანებს თითქოს მაშველ რგოლად სიკვდილი მოევლინება ხოლმე.
     ტრაგედია საიდან იწყება? - ბავშვობიდან? თუ დაბადებიდან?
თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივადაა. ბაღში დადის, სკოლაშიც. განსაკუთრებულად ცუდი ყოფა-ქცევით არ გამოირჩევა, არ სწავლობს მაგრამ ეს პრობლემა არაა, ნუ ბიჭი რომ ხარ ეს ყველაზე ძლიერი არგუმენტია. საერთოდაც, სკოლაში იშვიათად დადის, როცა დადის სადმე უკან ზის და მუდმივად მერხს ფხაჭნის. იქ არც არავინ ახსოვს, არც არავის ახსოვს. კლასელებთან კარგი ურთიერთობა აქვს, არავის არაფერს უშავებს და ვის არ ეყვარება?!  თავისი კლასელი უყვარს, მაგრამ ის გოგო კარგად სწავლობს და საერთოდ, იცის რომ იმას არ შეეფერება. სიცილის მეტს ალბათ ეს სიყვარული ვერაფერს გამოიწვევს და ამიტომაც არასოდეს გაამხელს. კეთილგანწყობით სარგებლობს. ბოროტი არაა. ძირითადად ჩუმადაა. ჩუმად მიდის და მოდის.
      მაინც სად იწყება ტრაგედია, გარეთ თუ შიგნით?
 მეგობარი ბევრი ჰყავს. "რაზბორკებზე"  ყველას დაჰყვება და თან კარგად ჩხუბობს. ვის არ ენდომება ესეთი ძმაკაცი. "სასტავში" იცი რომელია? 4-5 ბიჭს რომ ყოველთვის გვერდით უდგას შეუმჩნევლად. უბანში ბევრი ბიჭია. თითქმის ყველა მისი ტოლია. ყველასთან კარგადაა, მაგრამ ხანდახან ჩხუბი მაინც მოსდის. იმიტომ რომ ფეთქებადია, ემოციებს ვერ აკონტროლებს - ასეთი დაიბადა. და მე ხომ ვთქვი, რომ ეს დაბადებიდან დაიწყო?! ქუჩაში ფეხბურთის თამაში უყვარს, მაგრამ ბურთი არ აქვს. ჩიტების დახოცვა უყვარს, მაგრამ თოფიც არ აქვს. სამაგიეროდ შურდულის გაკეთებაში ნამდვილი ოსტატია. ხანდახან კარტსაც თამაშობს.
      და მე გკითხე, გარეთ თუ შიგნით?
დედ-მამა ნორმალური ხალხია. მამა წყნარი და დინჯი. დედაც მშვიდი და ნელი. და-ძმაც ჰყავს. და უფრო კარგად სწავლობს. და უფრო კარგადაც გამოიყურება. დაძველებული და ხმარებისგან გაცვეთილი ჩანთა აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებს პეწს. ჯემპრიც აქა-იქ უშნოდაა გაკერილი მაგრამ მთავარია თბილია. ფეხსაცმელებმა ყველაზე მეტად უღალატეს და გაკვეთილზე ფეხები ეყინება.
  ჰო, იმას ვამბობდი რომ კარტს ხშირად თამაშობს. ელოდება ხოლმე რომ სხვების მერე ახლა მას დაუძახებენ, შემოდი ჭამეო, მაგრამ... საღამოს თუ გაახსენდება ვინმეს, მაგრამ მარტო დასაძინებლად. ბევრნი არიან და ყველა ვერ ივახშმებს. ჰოდა იძინებს ცარიელი მუცლით და ბოღმისგან სავსე გულით.
   იქნებ ტრაგედია ასაკშია?
იზრდება. შურდულს არყის ბოთლი ცვლის. სადმე ბირჟაზე დგას ღიპიან და ცხვირგაწითლებულ კაცებთან ერთად, შუა ზამთარში და ელის თავის რიგს. თბება. მერე იქ ვინმე რამე ისეთს იტყვის რაც არ უნდა ეთქვა ჰოდა ესეც დასცხებს, როგორც ყოველთვის. ერთადერთ 'საროჩკასაც' შემოაფხრეწენ და ცხვირსაც ჩაუმტვრევენ. მერე წამობარბაცდება, სისხლიანი, გაველურებული, სახლისკენ, საიდანაც  ღუმელის კვამლი ალბათ წლებია არ ამოსულა.
 ესე გადის ზამთარი. ბევრი ზამთარი. ჩხუბებით და არყებით. მერე სადღაც მიდის მამა. და აღარ ბრუნდება და აღარასოდეს დაბრუნდება.
      შეიძლება ტრაგედია სიყვარულშია, არა?
 საიდანღაც მოიყვანს ქალს. სიყვარულით არა.  ეს იყო წინადადება "ცოლის მოყვანის დროა!" ჰოდა ადგა და მოიყვანა. იცი, შეიძლება ხანდახან  მკვლელი ის იყოს, ვინც ცხოვრებას იმას უკავშირებს ვინც არ უყვარს. ალბათ ეს ყველაზე დაუნდობელი საქციელია - ჩაკლა ემოცია, გრძნობა ადამიანში. ჩაკლა პიროვნება არსებაში.
    ზის ის გოგო და უცდის.  საღამომდე. ღამემდე. შუაღამემდე.დილამდე.
ის არის საწყალი და არ ვიცი ის სიტყვა რომელიც ეხლა მჭირდება. რა ჰქვია ადამიანს, რომელიც გამოგონილ ბედნიერებაში ცხოვრობს?გამოგონილ ოჯახს უვლის? გამოგონილ სიყვარულზე კარგავს ჭკუას? გამოგონილ სამზარეულოში ტრიალებს? გამოგონილ მეგობრებს გულს უხსნის? გამოგონილით ამაყობს? გამოგონილს ინახავს?
 მგონი ეს  ქალი არის  ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უყვარს. ერთადერთია ვინც წლების წინ ჩამქრალი ღუმელი აანთო, წლების მტვერი გადაწმინდა, წლების სიცარიელე აავსო.
 - იქნებ ტრაგედიის ფინალი აქაა?
- არა.
აჰა, ამ გოგოსაც ჩაგრავს გამოგონილი სიყვარულის სისასტიკე, ამახინჯებს. მერე კვდება.
კვდება და თავისუფლდება.
......
         მარტოობაშიც არ დაწყებულა?
 მოყვანილი მიდის და ის რჩება სიცარიელეში, სიცივეში და შიმშილში. ხანდახან ახსენდება ერთ დროს ლამაზი გოგო, რომელიც სიბნელეში გახვია და იქვე ჩატოვა. თუმცა სასმელი მალე ყველა მოგონებას შლის. და ჩნდება შვილი, გაზრდილი. ამაყი. ჰოდა გავხვიოთ ისიც სიბნელეში, სიგარეტის კვამლში, იაფფასიანი სასმელის სუნში.
  ერთ დროს ძლიერი და კარგი მოჩხუბარი თავისი ცხოვრებითვე ბეჩავდება. მხრებში იხრება. თითქოს გამჭვირვალეა. არავინ იცის სად დადის, რას აკეთებს. სიფხიზლეში უმწეო ბავშვს ჰგავს, თითქოს ყველას ემალება, ყველას გაურბის. ფხიზელი თითქმის არასოდესაა. ხმაურია. მარტოა.
 რაღაცეები ხდება.
 რაღაცეების ფონზე უმნიშვნელოდ ...... სიჩუმე.

მთავრდება. თავისუფლდება ცხოვრებისგან, რომელიც ყველაზე მძიმედ სატარებელი ტვირთი აღმოჩნდა მისთვის.

*
ჭექა-ქუხილის  მეშინია. თან მიყვარს მაგრამ გული მაინც მიკანკალებს ხოლმე. ყველაზე კარგი მაშინაა წვიმა რომ იწყება ხმაურის შემდეგ.
ჰოდა ესე იყო ახლაც. წვიმდა. დამთავრდა ხმაური.

-  ბოლოს და ბოლოს, მიპასუხე, საიდან იწყება ტრაგედია?
-  ტრაგედია დაბადებიდან იწყება.
-სიკვდილი? სიკვდილი ტრაგედია არაა?
- სიკვდილით მთავრდება ყველა ტრაგედია.



























February 23, 2015

Just 18


        მთელი ბავშვობა რომ დღეს ველოდებოდი, მგონი დღეს ის დღეა. რამდენიმენაირი შეგრძნება მაქვს: იმედგაცრუების, სიხარულის და ინტერესის.
იმედგაცრუების იმიტომ, რომ  ვერ ვგრძნობ თავს დიდად ,სერიოზულად. მე4-მე5 კლასელ ჩემ თავს ეხლა შორიდან რომ ვუყურებ, წარმომიდგენია როგორი გაფართოებული თვალებით ვუყურებდი მე12 კლასელებს და როგორ ვნატრობდი ჩემს თავს იმათ ადგილზე. ეხლა იმავეს ვგრძნობ ხოლმე მაშინ, დაბალ კლასებში რომ შევდივარ, ბავშვები რომ ჩუმდებიან ან უარესი, მაშინვე მერხებთან რომ სხდებიან:დ  მაშინ ვფიქრობდი ხოლმე, რომ მაგხელებს მასწავლებლები შენიშვნას არაფერზე აძლევენ, რომ  შეუძლიათ დააგვიანონ, შატალოზე წავიდნენ, მანიკურებით იარონ (ეს განსაკუთრებით მწარედ მახსოვს:დ) გაკვეთილზე საშინელებები აკეთონ, წიგნების უმრავლესობა სახლში დატოვონ და ა.შ. ეხლა ვხვდები, რომ მასწავლებლები არაფერ შუაში არიან, 12 წელი ერთი და იმავეს მოსმენით შენ იღლები და უბრალოდ აღარ მოქმედებს. ჩემს ბავშვობაში 18 იმდენად დიდი რიცხვი იყო, რომ მეგონა სკოლაც დამთავრებული მექნებოდა, უნივერსიტეტიც და ჟურნალისტიც ვიქნებოდი, მაგრამ... #მიმინოშვილი #სიმწრისღიმილი
   მახარებს ის ფაქტი, რომ წელს ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი მთავრდება. ანუ ის რუტინა რაც ბოლო 12 წელია გრძელდება ჩემს ცხოვრებაში, ნელნელა ფინალისკენ მიდის. სამაგიეროდ, წელს გავარკვევ შემდეგი 18  და კიდევ ბევრი წელი  სად ვიქნები. და ვინ.
ამ წლების განმავლობაში ჩემმა ტვინმა 23563574ჯერ განიცადა ტრანსფორმაცია და ყოველ ჯერზე კიდევ უფრო უცხო  ვუბრუნდები დედამიწას. ამ წლების განმავლობაში ბევრი და მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი შევიძინე:) პრინციპში ერთი 23 თებერვლიდან მეორე 23 თებერვლამდე რასაც ნამდვილად ვგრძნობ ხოლმე  ადამიანების და ისტორიების რაოდენობის გაზრდაა. მერე ერთ 23 თებერვალს იმედია წიგნის პრეზენტაციაზე მოხვალთ და ერთად შეკრებილ ადამიანებს და ისტორიებს რეალურ სივრცეში იხილავთ.
   ფიქრების და აზრების გარდა კიდევ არ ვიცი... ბევრი რამ არ შეცვლილა. უბრალოდ გამძაფრდა, გაუფერულდა ან გაქრა.
   ყველა ადამიანი ალბათ ეძებს და სხვადასხვა ეტაპზე პოულობს დედამიწაზე იმ ხასიათს, რომელიც მისია და რომელსაც სიამოვნებით ატარებს მთელი ცხოვრება, როგორ პასუხისმგებლობასაც არ უნდა უკავშირდებოდეს ის. მიხარია, რომ მე 18 წლის ასაკში თუ  ვერ ვიპოვე, ის მაინც გავიგე როგორი უნდა ვეძებო და სად.
   პ.ს წინასწარ ვტკბები იმ მომენტით, სახლში რომ საარჩევნოდ იმ რაღაცას
მოიტანენ ჩემთვისაც:დ 'ანა'ს წაკითხვა სავარაუდოდ კიდევ ერთხელ გამიტყდება მაგრამ მაინც
:დ

January 24, 2015

მთვარეული თავისუფლება

       ღამე არის დღის საუკეთესო მონაკვეთი. აი, ისე მიყვარს, რომ ძილისთვის მენანება. ყველას რომ სძინავს, სიწყნარეა, შენც ყურებში დაგუბებული უძილობა გიზუზუნებს, საწოლისკენ გექაჩება, მაგრამ არა... მიდიხარ და ჯდები სავარძელში, სადაც ჰემინგუეი, დოჩანაშვილი, რემარკი, ან იქნებ ბავშვობის გასახსენებლად გადმოღებული ასტრიდ ლინდგრენი გელოდებიან. გვერდით, თაროზე  ლიმნიანი ჩაი გიდგას, წინ აგიზგიზებული ღუმელი ყრის ნაპერწკლებს.    სვამ ჩაის და ეშვები გახუნებულ, სიძველის სუნშეპარულ ფურცლებში... გავიწყდება  რამდენმა  გაწყენინა დღისით, რამდენმა გაგაბრაზა, გავიწყდება როგორ ინერვიულე დილით, ტესტირებაზე, როგორ დაიღალე წიგნებით გატენილი ჩანთით მთელ სოფელში ხეტიალისგან (ან სირბილისგან), გავიწყდება თავის ტკივილიც და  მთელი დღის ემოცია-განცდებიც. სვამ ჩაის და კითხულობ. ხანდახან თავს აწევ და  ჩაფიქრდები, რომ უფრო მკაფიოდ წარმოიდგინო ამოკითხული სცენა... ხან პეპისთან ერთად დაძვრები ხეებზე, ხან  ომს გაურბიხარ, იქნებ  რავიკთან და ჟოანთან ერთად  სვამ კალვადოსს,  ან ფოტოკაბინეტში სტუმრობ იმ კაცს,  ლიტერატურიანს...
    ასე,  წინადადება რომ წინადადებას მისდევს, შუა ღამის სიმძიმე რომ უფრო და უფრო მაგრად მაწვება კისერზე,  უცებ ვიგრძნობ - ფეხი მეწვება.
 საერთოდ, ფეხებს ღუმელზე არ აწყობენ ხოლმე. მე - კი. ჰო, მერე უცებ იგრძნობ, რომ თვალები გტკივა და ცოტა ტექსტის გარჩევაც გიჭირს, მუხლებზე დაიდებ წიგნს, ჩაის მოსვამ, ლიმნის ჟავე გემოს იგრძნობ ტანში და  ფარდას გასწევ.
   გასწევ ფარდას და დაინახავ მთვარეს.  უყურებ და არ გბეზრდება, უყურებ და ნანობ, რომ ეს დრო  გადის,  გათენდება, წახვალ, გეწყინება, გაბრაზდები, ინერვიულებ, დაიღლები... ხომ შეიძლება სულ ასე იყოს: მშვიდად, ჩუმად, შენთვის, მთვარესთან, ჩაისთან, ძველ წიგნებთან, რომელსაც ვინ იცის, უკვე მერამდენედ კითხულობ..
თავისუფლებას გრძნობ. კი. მე და ღამე და თავის-უფლება.
აი ისევ ფეხი დავიწვი.
ჩაიც გაცივდა.
როგორც კონკიაშია, დრო გადის, უახლოვდება პიკს და ყველაფერი ნელნელა ჩვეულ სახეს იბრუნებს. ფერმკთალდება,  უფერულდება, უბრალოვდება.
ხვალ მეც წავალ და მერე მთელი დღე ვიფიქრებ ჩემს საამაყო ნაცნობებზე, იმ გაყვითლებული ფურცლებიდან, შევათვალიერებ რეალურ გარემოსაც და  გავიღიმებ ბევრი ირონიით და ცოტა სევდით, იმედითაც. იცი, როგორი იმედით? პატარა ბავშვებს რომ აქვთ. შოკოლადი რომ ეგულებათ სადმე და ერთი სული აქვთ მივიდნენ და აიღონ. მე ჩემს ღამეს დაველოდები.
... ისევ  დავიწვავ ფეხებს, ისევ  ვიგრძნობ სხეულში ლიმონს, ისევ  დავინახავ მთვარეს... 

January 23, 2015

წვერმადიდებელნი და მგმობელნი

   დედაჩემს ესეთი ბიჭები არ მოსწონს. ჰგონია, რომ მე მომწონს და ამ ფოტოზე რომ წვერში გვირილებჩაწნული ბიჭია და მე რომ მომწონს, სინამდვილეშიც წვერში გვირილებჩაწნულ ბიჭს ვხედავ და მომწონს. 
მგონია რომ დედა ფიქრობს, რომ მე ცოტა ვაფრენ. იშვიათად ამბობს ხოლმე, მაგრამ მგონი უფრო ხშირად ფიქრობს. 
                                                                      
          არადა განხსვავებული ადამიანები მომწონს უბრალოდ. გენდერი აქ მნიშვნელობას კარგავს. ისინი,ვინც დაშტამპულ ზომბებს არ ჰგვანან, ვის გვერდითაც თავი სათამაშოების ქარხანაში არ მგონია. ვისაც შეუძლია განსხვავებულად აღქმა, აზროვნება, ფიქრი.. მოსაბეზრებელია ამდენი ერთნაირი, რომელთან ურთიერთობისთვისაც მარტო სახელის დამახსოვრება გჭირდება.მოსაბეზრებელია დინამიკური და სტაბილური, მუდმივად მოწესრიგებული, პუნქტუალური და აკადემიური ხალხი, ვისგანაც არაფერს ახალს, უცნაურს და საინტერესოს არ უნდა ელოდო. არ უნდა ელოდო ისეთ სიტყვებს, შეხედულებებს, მოულოდნელად გული რომ აგიჩქარდება, გუგები რომ გაგიფართოვდება, გონებაში რომ შეგშურდება კიდეც, ამაზე მე რატომ არ მიფიქრიაო. ეს ერთნაირობა იმ საინფორმაციო დაფას მაგონებს, რომელზეც თეთრი საღებავით და დიდი შრიფტით წერია,"ვმუშაობთ დილის 9დან საღამოს 6მდე". მერე სად ჯანდაბაში მიდიან კაცმა არ იცის.
იღვიძებენ.მიდიან.მოდიან.იძინებენ.
იბადებიან.... კვდებიან.
კაი რა.