October 24, 2015

მატეა და ყვავილებიანი მარტენსები


       ღუმელში გოგრა იწვებოდა. სამზარეულოში ვისხედით, მაგიდასთან. ბროწეული სისხლისგან იცლებოდა. ჩვენ უხმოდ ვარჩევდით და ვჭამდით. მარტო ჩაიდნის ხმა ისმოდა. ღრმად ვსუნთქავდი, რომ დიდხანს დამმახსოვრებოდა ოთახის სუნი. შემწვარი გოგრის სუნი.
   მატეა მიყურებდა, მე თავს არ ვწევდი.
- იცი, რომ სელინჯერს სურათების გადაღება არ უყვარდა?  
- ჰა?
 პირი მოიწმინდა და გაიმეორა.
- სელინჯერს მეთქი, სურათები რომ არ უყვარდა, იცოდი?
- ჰოო?
- ერთადერთი სურათის გადაღება მოუსწრია ვიღაცას, მუშტმოღერებული და გაბრაზებულია. 
- სხვა არაფერი გაქვს სათქმელი? საიდან მოიტანე ?
- შენ ხო გიყვარს, არა? 
- მივდივარ
- ეხლა? მართლა წახვალ? ამდენი ...  - არ ვიცი რას ამბობდა.
- სხვა დროს

    სადარბაზოში ნაგვის სუნი იდგა. კაშნე ავიფარე ცხვირზე და ქუჩაში გავედი. თოვდა. დაჯდომა მინდოდა სადმე, წყნარად და თბილად. ფეხით ავუყევი გზას. ყვავილებიანი მარტენსები მეცვა და შავი ჯინსი. მციოდა. 
   კაფეში ცხვირაწითლებული და აკანკალებული შევედი. არ ვიცი ვინ მღეროდა, აშკარად ზედმეტად ხმამაღალი მუსიკა იყო კაფესთვის. შესვლისთანავე ვიღაცის მყვირალა სუნამო მომმვარდა, კაშნე კიდევ უფრო ავიფარე, ყავა ავიღე და მეორე სართულზე ავედი. არ მომეწონა, ბევრი ხალხი იყო. გოგონების ზუზუნივით გაბმული ჭორაობა და აქა-იქ ხმამაღალი გადაკისკისებები გულის რევის შეგრძნებას მიქმნიდა. ახლოს მსხდომები შევათვალიერე, დიდი არაფერი: ორი დაქალი, რომელიც ისტერიკულად სქროლავდა ფეისბუქს, მეორე მაგიდასთან შეჭაღარავებული კაცი, წიგნით.
   გამახსენდა მატეა, "სისხლიანი" ხელებით რომ დავტოვე სახლში, გოგრის სუნიც გამახსენდა და ცოტა ვინანე, რომ ესეთი სუსტი ვარ. გული დამწყდა, რომ ვერ გავუძელი  ემოციებს, შიშს,  რომ  საერთოდ სხვანარია ახლა და გამოვიქეცი. ადრე ალბათ რამდენჯერ მინატრია სახლში დამხვედროდა, ან ისევ დაეძახა ჩემთვის ეზოდან.
     მომღიმარი სახეები, ცნობისმოყვარე თვალები და პუტკუნა ლოყები უცებ გაქრა  და  დავინახე ერთადერთი ბიჭი, რომელსაც ნერვიულობის დროს თვალები უთეთრდება. ვხედავდი როგორ მიათრევდა ლურჯ ზურგჩანთას და მალ-მალე ისწორებდა ქუდს. ალბათ ერთხელ შეჩერდა და მოიხედა კიდეც, ალბათ იღიმოდა,  მაგრამ მე არ შევხედე, როგორც დღეს.

          ხშირად გავდიოდი ხოლმე იმ გზაზე, ჩემი ბაღიდან იმის სახლამდე რომ მიდიოდა, მაგრამ  ის ზურგჩანთა აღარ გამოჩენილა არასოდეს,პრინციპში აღარც ზურგი. მარტო ბებიაჩემის ზღაპრები მშველოდა  მოწყენილი საღამოების დროს, როცა მოკუნტული ვიწექი ხოლმე სავარძელში და ვფიქრობდი მუცელი მტკიოდა თუ გული.

      მერე გამიარა. და  საერთოდაც მერე დამავიწყდა. მერე მატეაც დამავიწყდა და გზაც. ზურგჩანთაც. ის ერთ-ერთი ფბ ფრენდი გახდა, რომელსაც მესიჯზე პასუხი მაინც და მაინც არ უნდა დაუგვიანო და დღესასწაულებიც მიულოცო. ბევრჯერ ამიკრეფია ტექსტი შესავლით - "გახსოვს...? "- ყველა შემთხვევა მთავრდებოდა წაშლით - რათქმაუნდა, არ ახსოვს.
       ყვავილებიანი მარტენსები  ვიყიდე და ახალ გზებზე დავიწყე სიარული.
   თუმცა ყველაზე დიდი მანძილი  დღეს გაიარეს, რამდენიმე გაჩერება  10 წლის სავალ გზად  იქცა.  ვაკაკუნებდი კარზე, რომლის იქითაც უნდა მდგარიყო 11  წლის მატეა, ფერმკთალი, ღია ფერის თვალებით, დაკოპლილი ჯემპრით, მანტოთი და ლურჯი ზურგჩანთით, ისე როგორც წავიდა ერთ დღეს "უცხო ქვეყანაში." ასე ეძახდა ბებიაჩემი გერმანიას.
     კარის მეორე მხარეს იდგა ვიღაც დიდი  ბიჭი. წვერით და სასაცილო ჩუსტებით. დიდი  ჯემპრი და შორტები ეცვა. ჯერ თვალები გაუუფერულდა, მერე გაიღიმა.
    ინტერესით ვკვდებოდი,  ისე მინდოდა გამეგო ყველაფერი, იმ გზის ბოლოდან დღევანდლამდე. მინდოდა მეკითხა ყველაფერი: ის სურათი სად გადაიღო, ეს ჯემპრი სად იყიდა, შეყვარებული ჰყავს? შოკოლადი ისევ უყვარს? და საჩუქრები არ ჩამომიტანა?
      ღმერთო.
    მივხვდი, რომ საერთოდაც არ მინდოდა ამოეღო ხმა. წამიერად მივხვდი, რომ მე ვიცოდი ყველაფერი იმ დროიდან, როცა ჩემამდე მოაღწია ინტერნეტმა,  მაგრამ ამდენი წელი არ მომესმინა მისი ხმა. შემეშინდა რომ ეს ყველაფერ ძველს და ბავშვობისდროინდელს  ნაგავში გადაყრიდა.
 რა თქმა უნდა, ჩაის დავლევთ. უკვე მოწყობილა. ყველაფერი აქვს. მაგრამ მეშინია რომ რაღაცეები შეიცვლება  "უცხო ქვეყნიდან" ჩამოსვლით.
 ჩემი ყვავილებიანი მარტენსებით მარტომ რომ ვეღარ ვიარო?

      .....

- წარმოიდგინეთ სარკე, რომელშიც 21  წლის ასაკში ჩაიხედავთ, იქიდან კი 11  წლის თქვენი თავი შემოგხედავთ
- უკაცრავად?!
გავიმეორე.
- ცუდად გრძნობთ თავს?  წყალი ხომ არ მოგიტანოთ?
კიდევ გავიმეორე.
- მე..   არ ვიცი. მეხუმრებით?  თუ ზღაპარს მიყვებით?  ამდენი დრო არ მაქვს.   ბარათით გადაიხდით?
 გამეღიმა. ყურებამდე. ყურებამდე გამეღიმა.
- ზღაპარს გიყვებით.
 ფული და  ბევრი მადლობა დავტოვე  მაგიდაზე და წავედი. წავედი გოგრის სუნიან და წითელ ბროწეულებიან სახლში, უფეროთვალებიან ბიჭთან.

....
                                                   
- ვიცი რომ მაგრად მოგწონს
- რა?
- ჩუსტები
- ვინმე ბავშვს წაართვი?
- ო ნუ გშურს. შენთვისაც მაქ, ოღონდ შენსას ჟირაფები აქვს
 


* მგონი მართლა აღარ ვივლი ხოლმე ამის შემდეგ ყვავილებიანი მარტენსებით მარტო.
 
* კიჰ, 39 ზომა ჩუსტი ორიგინალური სუვენირია :))


                                                                                                               შაბათი,  20 დეკემბერი,  201*
                             
                                                                                                                                                                                                                               


                                     









No comments:

Post a Comment