January 24, 2015

მთვარეული თავისუფლება

       ღამე არის დღის საუკეთესო მონაკვეთი. აი, ისე მიყვარს, რომ ძილისთვის მენანება. ყველას რომ სძინავს, სიწყნარეა, შენც ყურებში დაგუბებული უძილობა გიზუზუნებს, საწოლისკენ გექაჩება, მაგრამ არა... მიდიხარ და ჯდები სავარძელში, სადაც ჰემინგუეი, დოჩანაშვილი, რემარკი, ან იქნებ ბავშვობის გასახსენებლად გადმოღებული ასტრიდ ლინდგრენი გელოდებიან. გვერდით, თაროზე  ლიმნიანი ჩაი გიდგას, წინ აგიზგიზებული ღუმელი ყრის ნაპერწკლებს.    სვამ ჩაის და ეშვები გახუნებულ, სიძველის სუნშეპარულ ფურცლებში... გავიწყდება  რამდენმა  გაწყენინა დღისით, რამდენმა გაგაბრაზა, გავიწყდება როგორ ინერვიულე დილით, ტესტირებაზე, როგორ დაიღალე წიგნებით გატენილი ჩანთით მთელ სოფელში ხეტიალისგან (ან სირბილისგან), გავიწყდება თავის ტკივილიც და  მთელი დღის ემოცია-განცდებიც. სვამ ჩაის და კითხულობ. ხანდახან თავს აწევ და  ჩაფიქრდები, რომ უფრო მკაფიოდ წარმოიდგინო ამოკითხული სცენა... ხან პეპისთან ერთად დაძვრები ხეებზე, ხან  ომს გაურბიხარ, იქნებ  რავიკთან და ჟოანთან ერთად  სვამ კალვადოსს,  ან ფოტოკაბინეტში სტუმრობ იმ კაცს,  ლიტერატურიანს...
    ასე,  წინადადება რომ წინადადებას მისდევს, შუა ღამის სიმძიმე რომ უფრო და უფრო მაგრად მაწვება კისერზე,  უცებ ვიგრძნობ - ფეხი მეწვება.
 საერთოდ, ფეხებს ღუმელზე არ აწყობენ ხოლმე. მე - კი. ჰო, მერე უცებ იგრძნობ, რომ თვალები გტკივა და ცოტა ტექსტის გარჩევაც გიჭირს, მუხლებზე დაიდებ წიგნს, ჩაის მოსვამ, ლიმნის ჟავე გემოს იგრძნობ ტანში და  ფარდას გასწევ.
   გასწევ ფარდას და დაინახავ მთვარეს.  უყურებ და არ გბეზრდება, უყურებ და ნანობ, რომ ეს დრო  გადის,  გათენდება, წახვალ, გეწყინება, გაბრაზდები, ინერვიულებ, დაიღლები... ხომ შეიძლება სულ ასე იყოს: მშვიდად, ჩუმად, შენთვის, მთვარესთან, ჩაისთან, ძველ წიგნებთან, რომელსაც ვინ იცის, უკვე მერამდენედ კითხულობ..
თავისუფლებას გრძნობ. კი. მე და ღამე და თავის-უფლება.
აი ისევ ფეხი დავიწვი.
ჩაიც გაცივდა.
როგორც კონკიაშია, დრო გადის, უახლოვდება პიკს და ყველაფერი ნელნელა ჩვეულ სახეს იბრუნებს. ფერმკთალდება,  უფერულდება, უბრალოვდება.
ხვალ მეც წავალ და მერე მთელი დღე ვიფიქრებ ჩემს საამაყო ნაცნობებზე, იმ გაყვითლებული ფურცლებიდან, შევათვალიერებ რეალურ გარემოსაც და  გავიღიმებ ბევრი ირონიით და ცოტა სევდით, იმედითაც. იცი, როგორი იმედით? პატარა ბავშვებს რომ აქვთ. შოკოლადი რომ ეგულებათ სადმე და ერთი სული აქვთ მივიდნენ და აიღონ. მე ჩემს ღამეს დაველოდები.
... ისევ  დავიწვავ ფეხებს, ისევ  ვიგრძნობ სხეულში ლიმონს, ისევ  დავინახავ მთვარეს... 

January 23, 2015

წვერმადიდებელნი და მგმობელნი

   დედაჩემს ესეთი ბიჭები არ მოსწონს. ჰგონია, რომ მე მომწონს და ამ ფოტოზე რომ წვერში გვირილებჩაწნული ბიჭია და მე რომ მომწონს, სინამდვილეშიც წვერში გვირილებჩაწნულ ბიჭს ვხედავ და მომწონს. 
მგონია რომ დედა ფიქრობს, რომ მე ცოტა ვაფრენ. იშვიათად ამბობს ხოლმე, მაგრამ მგონი უფრო ხშირად ფიქრობს. 
                                                                      
          არადა განხსვავებული ადამიანები მომწონს უბრალოდ. გენდერი აქ მნიშვნელობას კარგავს. ისინი,ვინც დაშტამპულ ზომბებს არ ჰგვანან, ვის გვერდითაც თავი სათამაშოების ქარხანაში არ მგონია. ვისაც შეუძლია განსხვავებულად აღქმა, აზროვნება, ფიქრი.. მოსაბეზრებელია ამდენი ერთნაირი, რომელთან ურთიერთობისთვისაც მარტო სახელის დამახსოვრება გჭირდება.მოსაბეზრებელია დინამიკური და სტაბილური, მუდმივად მოწესრიგებული, პუნქტუალური და აკადემიური ხალხი, ვისგანაც არაფერს ახალს, უცნაურს და საინტერესოს არ უნდა ელოდო. არ უნდა ელოდო ისეთ სიტყვებს, შეხედულებებს, მოულოდნელად გული რომ აგიჩქარდება, გუგები რომ გაგიფართოვდება, გონებაში რომ შეგშურდება კიდეც, ამაზე მე რატომ არ მიფიქრიაო. ეს ერთნაირობა იმ საინფორმაციო დაფას მაგონებს, რომელზეც თეთრი საღებავით და დიდი შრიფტით წერია,"ვმუშაობთ დილის 9დან საღამოს 6მდე". მერე სად ჯანდაბაში მიდიან კაცმა არ იცის.
იღვიძებენ.მიდიან.მოდიან.იძინებენ.
იბადებიან.... კვდებიან.
კაი რა.