May 18, 2015

ბოლოჯერ - მოსწავლის სტატუსით:)

   
       ბოლოზარი ტრადიციულად მთავრდება მიმართვებით - რაც იმაიმუნე და იღადავე სკოლაზე თუ სხვებზე, იმ "გამოსამშვიდობებელი" სიტყვით უნდა გამოასწორო. თან რამე ისეთი უნდა იყოს, რომ ყველა მასწავლებელს გულში გაკრას სიტყვებმა, აი ხო სისხლი გამიშრეთ მაგრამ მაინც  "ჩემები"  ხართ და ცხვირსახოცი მოაძებნინოს ჯიბეში, მარა მარტო მასწავლებლებზე არ უნდა გათვალო: დამსწრე საზოგადოებასაც უნდა აღებეჭდოს სახეზე  სევდიანი ღიმილი და მომავალში მომზირალი თვალები - აი ეს შედეგი თუ დადე, ესეიგი კაი სიტყვა დაგიწერია. ჰოდა, ამ მიმართვის დასაწერად 12 წლის მეხსიერება რომ მოვიხმე, ბევრი რაღაც გამახსენდა:)
   თავი 1. სანიმუშო კლასი
  თავიდან ვიყავით 21, მერე ... , მერე .... ,   ეხლა 15. მუდმივად იცვლებოდა კლასის შემადგენლობა, მაგრამ დღემდე ყველა ისეთი მახსოვს, როგორიც პირველ კლასში იყო. თავიდან დიდად არ ვმეგობრობდით, ბაღიდან გაყოლილი დაქალობა მაკავშირებდა რამდენიმესთან, პრინციპში მაშინ რის მიხედვით ვარჩევდი დაქალებს არ ვიცი, ყველა ერთნაირი იყო. მერე როგორც ხდება ხოლმე, პირველ კლასში, სწავლის მიხედვით ნაწილდება სამეგობროები და მეც ვერიკოს და ცირას მეგობარი ვიყავი. სულ წინ ვიჯექი და უკან სამყაროში რა ხდებოდა არ მაინტერესებდა.  მაშინ ყველა ჩვენგანის პირველი ამოცანა ის იყო, იმაზე უკეთესები გამოვჩენილიყავით, ვიდრე სინამდვილეში ვიყავით. ეს არ გვინდოდა შეგნებულად, უბრალოდ ვიცოდით, რომ ასე იყ
ო საჭირო.
მაშინაც არ მიყვარდა მათემატიკა და პირველი ოთხიანი მე4 კლასში ვიყავი, რომ მივიღე. როგორი მძიმე დღე იქნებოდა ჩემთვის, ადვილი წარმოსადგენია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეხლაც  კარგად მახსოვს ის სცენა: დაფასთან ვდგავარ და რაღაცას ვანგარიშობ, მერე ვწერ,  მაგრამ "დიდხანს ფიქრი" არ მეკადრება და დღიურში მეწერება 4იანი. ამის მერე მივატოვე ძველი ჩვეულება, ყოველ საღამოს დღიურების ამაყად თვალიერება და სადღაც მივაგდე.
რა თქმა უნდა, დაწყებითებში დავიყავით "კარგ" და "ცუდ" ბავშვებად. / ბუნებრივია სწავლის დონეზე იყო ეს დამოკიდებული./ მაშინაც ისევე მაკომპლექსებდა ეს, როგორც ეხლა.  სკოლის და განსაკუთრებით "ძველი დროის" მასწავლებლების ბრალი მგონია ის, რომ რაღაცნაირი, არცთუ ისე კეთილგანწყობილი  დამოკიდებულება  ყალიბდება ამ ორ "ბანაკს" შორის. პარალელების გავლება და მუდმივად განსხვავებაზე მითითება, "შენ რაღა დაგემართა", "აბა იმას შეხედე" და მსგავსი ფრაზები, ქვეცნობიერად  აღვივებს ბავშვებში აგრესიას. ეს მაშინ არ მიგვრძვნია, მაგრამ რადგან  მეორე ბანაკს დღესაც  ახსოვს ეს განსხვავებები, ის შემთხვევები, როცა ყველამ ერთად დავაშავეთ, მაგრამ რამდენიმე  ამ სტატუსის გამო გადავრჩით და სხვები დაისაჯნენ, ვხვდები, არ იყო მაშინ ეს დამოკიდებულება სწორი. და საერთოდ, ბევრი კომპლექსი სწორედ ამ  კლასებში აგვეკიდა. ჯერ ბავშვების ხმები, იცი, უყვარხარ,  უყვარს, გიყვარს? - გთრგუნავს, მერე მასწების "როგორ შეი
ძლება" ლექციები,  ეგ შენი დაა, ეგ შენი ძმაა, გიყალიბებს აზროვნებას, რომ სიყვარული აუცილებლად უნდა დამალო. რომ სირცხვლია შენს გრძნობებზე ხმამაღლა ლაპარაკი. და ეს ლექციები ჩაცმაზე, ქცევაზე, ყველაფერზე, რაც დანარჩენებისგან განგასხვავებს, გაზომბირებს, და  მასას უერთდები. ამიტომ ვფიქრობ, რომ  დაწყებით კლასებში, ინდივიდუალური პიროვნებების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათემატიკის და ქართულის "საფუძვლის ჩაყრა".                                 სულ რამდენიმე თამაში გვქონდა, მოდობანა, ქალაქობანა, პოლიციობანა და  რაღაც: ეზოში ერთი დიდი ორმო იყო და იმის გარშემო დავრბოდით.  ვიღაც "დედა" ორმოში იდგა და იჭერდა. ვთამაშობდით მანამ,  სანამ რომელიმე მასწავლებელი არ გამოგვყრიდა, ჩაინგრევა და საშიშიაო. დღემდე ვერ ვხვდები ორმო როგორ უნდა ჩაინგრეს. ჰო, კიდე "მოდი ვიტრიალოთ" - იყო. მაშინ ძალიან გრძელი თმა მქონდა, ცირასაც და ვიდექით და  კლასში ვბზრიალებდით. დანარჩენები იდგნენ და გვიყურებდნენ:დდ
   ჰო, მართალია, გართობის პრიმიტიული ხერხები გვქონდა.

    თავი2. "სამახსოვროს წაიღებ?"
  მე5, მე6, მე7 იგივე გრძელდებოდა.  აქედან დაიწყო სამახსოვროების ეპოქა:) ვწერდით და ვწერდით, საყვარელი ვარცხნილობიდან დაწყებული - სტოპ! რა გაიგეთ ამ წუთას-ით დამთავრებული, ყველაზე და ყველაფერზე ვეკითხებოდით ერთმანეთს. პასუხები copy-paste იყო ყველა რვეულში.  ეხლა რომ ვკითხულობ ყველაზე სასაცილო ის შეკითხვაა, თქვენი (!) საუკეთესო მეგობარი -  და  პასუხში აუცილებლად უნდა გეხსენებინა მაინც, დღიურის  პატრონი:დ ბიჭები არ გვივსებდნენ ხოლმე და თუ გაატანდი - ძალით. ერთხელ შოთიკოს ძალით წავაღებინე და 1 თვე ვეხვეწებოდი უკან მომიტანე თქო. მომიტანა და მარტო საყვარელი მანქანის ადგილას ეწერა - "ბეენვე" :დდ  მაშინ ყველას საყვარელი მსახიობი -მარიო ჩიმარო იყო, და კიდევ სხვები, ნუ არ მახსოვს.  ა. სერიალების ბუმი იყო და სამახსოვროს მთელი ხიბლი ამ  მსახიობების "ნაკლეიკები" იყო, " აუ ხიმენა ჩამიკარი რა":დდდ  ყველას ყველა უყვარდა, ნამდვილი ჰარმონია სუფევდა მასწავლებლებს და ჩვენს შორის. არც არავინ იღებდა ხმას. "შემოწმებაზე მოდიანო" და ვინ საყურეებს იხსნიდა, ვინ მანიკურს იცვლიდა, ვინ  ჟაკეტს იკრავდა ვერ გაიგებდი. შევტენიდით ხოლმე ტელეფონებს კედლებში, ან ძველ გამათბობლებში და ვისხედით გულაჩქარებულები.

     თავი3. "იარლიყების ახევა და (რ)ევოლუცია"
    მე8დან დავიწყეთ რაღაცეების არ მოწონება და ხმამაღლა აღნიშვნა.  ნუ, მცდელობა  მქონდა ყოველ შემთხვევაში. სწავლის დონე  იგივე რჩებოდა, მეტიც, უფრო შეგნებულად ვხვდებოდი,რატო უნდა მესწავლა, მაგრამ  მივხვდი რომ მერხთან გაჭიმული ჯდომა არ მომწონდა და ცოტა უკანაც გადავინაცვლე.
       მე9ში კლასს ერთმა, დიდმა პროტესტის ტალღამ გადაგვიარა, ყველა ერთნაირად შეიცვალა და სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდა. მივხვდით, ან მოდი, ჩემზე ვიტყვი, მივხვდი, რომ არ მინდოდა მასის ნაწილი ვყოფილიყავი, განსხვავებული რაღაცეები და ვიღაცეები მომწონდა, და ეს ხან სასაცილო იყო, ხან გამაღიზიანებელი, მაგრამ მაინც ვამბობდი. ყველა თავისებურად ცდილობდა გამოეხატა ეს დაგროვილი სათქმელი, რომ განსხვავებულია, და როგორც "რიგითს" არ უნდა მოექცნენ. სამეგობროები, გოგოები, ბიჭები, "კარგები", ცუდები" ყველა ერთმანეთში აირია. ის ტრაგედიაც დამთავრდა და გახშირდა შატალოები - ა'ეხლა  აღარავის სჭირდებოდა ხვეწნა, ვიღაც იტყოდა და მივდიოდით. ერთადერთი, ვერიკო იყო ჩვენი 'ურწმუნო თომა', დღემდე იმის წაყვანას დიდი ხვეწნა  უნდა.
  ჩემი სკოლის ბავშვების ერთ-ერთი მთავარი გასართობი ზამთარში იყო 'ფეჩი' ( და არა ღუმელი.) "დავაბოლოთ?"  იტყოდა ვიღაც და ყველა მზად იყო. ვაძრობდით მილებს, თან ქარიც თუ იყო, ძაღლი არ დაყეფდა ჩვენს ბედს. და  ვისხედით მერე კვამლში 7 გაკვეთილი, ძაან ბედნიერები, იმით რომ გაკვეთილი ჩაიშალა. გაკომედიურდა ყოველი დღე. მაგრამ არ შეცვლილა სწავლა.რასაც შეგნებულად უდგები და გესმის, რაში გჭირდება, ალბათ ესეა, ვერაფერი გაიძულებს მიატოვო. უბრალოდ აქ უკვე კარგად ვიცოდი, "ტექნიკურები" (:დ) რომ ჩემი სფერო არ იყო.
   ამ კლასებში, ყველას ჰგონია, რომ მართვის და დამორჩილების საუკეთესო საშუალება სახელმწიფოსგან მონიჭებული სადამსჯელო ღონისძიებებია. მაგრამ, საკუთარი და კიდევ 14 ბავშვის გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე, ყველაზე იშვიათად უნდა უხსენო, მე9 დან ზევით, მოსწავლეებს "სკოლის შინაგანაწესი", "დასჯა", "ხელს მოგაწერინებ", "იმას დავურეკავ, ამას ვნახავ", "გაგრიცხავ":დდ უბრალოდ უნდა დაჯდე და დაელაპარაკო მშვიდად და რაც მთავარია, გულწრფელად. არც კარგი ყოფა-ქცევისთვის უნდა შეჰპირდე "პრიზს" და არც ცუდისთვის - აპოკალიფსის დაწყებას. უნდა გამონახო საერთო, ულტიმატუმების და სისულელეების გარეშე.

  თავი4.  როგორც გენებოთ:) 

       მე12 კლასი არის რამდენადაც ყველაზე დატვირთული, იმდენად კარგიც.  უკვე "გამოცდილი მოსწავლე" ხარ. ცოტა ისეთი დროა რა, თითქოს  უკვე ხვდები, რომ დაამთავრე ერთი ეტაპი. კარგი ეტაპი და გული გწყდება.
აღარც დაშლილი მეგობრობებია და აღარც კომპლექსები - ერთი პატარა "სასტავი" ვართ, სადაც ისეთი უყვარხარ ყველას, როგორიც ხარ. იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა უფრო "სერიოზულ" საკითხებზე ვდაობთ, ხანდახან ერთმანეთს ვეღარ ვიტანთ, მაგრამ ეს რაც მთავარია, დროებითია:დ
      და მაინც, მაგარია, რომ სკოლიდან გამყვება ბაია&სოფო. ალბათ კიდევ ძალიან დიდი ხანი. კიდევ გამყვებიან ... , ჰო ბევრი გამყვება:)
       11 წლის განმავლობაში, მაისში, სხვების ბოლოზარს რომ ვუყურებდი ხოლმე მოაჯირიდან გადაყუდებული,  ვფიქრობდი, როდის ვიქნებოდი სცენაზე მე. წელს კი მეღირსა, მაგრამ სექტემბერში სკოლაში რომ აღარ მოვალ ცოტა ტეხავს. უკვე უცხო პირად ვითვლები. რაც არ უნდა ვთქვა, მაინც მომენატრება ჩემი დაჩხაპნილი მერხები, "ფეჩი", სიცივე, ნათელა & ვარდო, ვარდოს "ნისიების სამტომეული", რაღაცნაირი ქადები,  ზარის ხმა, უკვე მეგობრებად ქცეული მასწები, ხილის მოპარვები, გაპარვები, "დირექტორთან დაბარებები", ბავშვები... უჰ:(    ბავშვებს უკავშირდება ალბათ ყველაზე დიდი შიში. დაკარგვის შიში.
    სასაცილო დროა. მე8-მე9 ფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ხარ და მე12ში ვერ აცნობიერებ 18 წელს და პატარა ბავშვი გგონია თავი. სასაცილოა ისიც,  უკვე ყველა გზა იცი, იქ რაღაც ჩაშლის, გაპარვის, მაგრამ აღარ გჭირდება. ისედაც იმდენი პრივილეგია გაქ, და ისეთი თავისუფალი ხარ რომ  აღარ გჭირდება მაიმუნობები. რაღაცნაირ ოჯახად ვიქეცით, ფუნქციებ- გადანაწილებულებად. აღარც ფეჩის დაბოლება მოგვწონს. ეს ზამთარი ალბათ მაგითაც იყო განსაკუთრებული. თავისუფალ დროს, ვისხედით "ფეჩის" გარშემო და ვლაპარაკობდით ბევრს, ბევრს. ადრინდელზე, მომავლებზე, სხვებზე, ჩვენზე.. იქამდე თუ  ყველა გაქცევაზე იყო, წელს დასვენებებზეც კი არ გავდიოდით გარეთ.
 
      ჰო რავიცი.
 ... მაინც კაია სკოლა.